გზა თოვლისფერია, მიმუ
გზა თოვლისფერია, მიმუ, დღევანდელი დღე -კვირა, მტკვარი- ყოველთვის მღვრიე და მე- სიკვდილის პირას. ცა ნისლისფერია, მიმუ, ნისლისფერია მთებიც, როცა რაღაცა მტკივა, შენი პატარა მხრების ვიტოვებ იმედს, ზოგჯერ ციცქნა ბეღურის ფრთები ძლიერი არის ორჯერ ქორზე და ძალუძს მთები გადაიფრინოს ასი, შინდაბრუნების ჟინით რომ არ გაჩერდეს გზაზე... იცი, დაფიფქა დილით... და თოვლისფერია, მიმუ, ეს მოსარკული გზები. ძვლები გულივით მტკივა. ჩემი მოწყენის ზნე კი დაბეჭდილია უკვე, სადღაც ბოლომდე ყოფის. სიტყვებს ვიზოგავ-ლუკმებს, ლექსის მწერალის პროფილს თავს ვუტრიალებ აქეთ. ღრუბლებს არა აქვთ ძირი. აწვიმებს დაფნის ფოთლებს შენი ცრემლების მძივი. პოეტურია ზეცა, სხვა დანარჩენი ხოლო: პრაგმატულია (რაც კი მოუგონია უფალს) მე მინდა ხელი სადმე ბოლო ღრუბელზე გთხოვო, და თამადობდეს ღმერთი ჩვენი ქორწილის სუფრას...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი