აფთიაქის კარადა


დედა,ისევ ეს შენი აფთიაქის კარადა,
ისევ კატაბალახა, ისევ "ეუფილინი",
გიყურებ და როგორც შენ,
მეც საშინლად ავად ვარ,
და განვიცდი ამ ამბავს ტრაგიკული ფილმივით.
მე თუ მდარდობ,
რას მდარდობ?
ღმერთმა უკვე დაწერა
ჩემი ბედი პოეტის ცაზე შაბიამნისფერ,
რომ რატომღაც მუზების ნებიერა კაცი ვარ,
არც არავის ვუსმენ და არც არავინ არ მისმენს.
სხვანაირი ხედია, როცა მარტის თოვაში,
მიდიხარ და სუყველას ეჯავრება ამინდი.
ძველი, მივიწყებული, სადღაც ტვინის ხსოვნაში
საკუთარი ლექსიდან მკორტნის ამონარიდი.
დედა, თურმე შენება სახლის, როგორც ასეთი,
არ გამოდის ბავშვობის სათამაშო კუბებით-
ჯერ სურები მჭირდება,ღვინოთი რომ ვავსებდე,
კიდევ ბევრი, რასაც კი ენით ვერ გეუბნები...
ისევ ქარი ლექსებში ,წვიმა.გარეთ ასველებს
ქუჩას,რა ვქნა? ასეა,არ დავწერო? მოვიდა!
მინდა, ახლა გიჟივით, როგორც მერვეკლასელი,
პერანგჩამოხეული ვბრუნდებოდე სკოლიდან.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი