ბაბუა-მთები


პოეტის ლაყბობა-
(რაც გინდა დიდი და სხვა რანგის პოეტის)
დრო უნდა შეცვალოს-
ზერელე და ბანალურია.
ადიდონ ჰერაკლე, ან მთებზე მიბმული პრომეთე-
დრო მაინც, უბრალოდ, ფეხებზე იკიდებს პოეტებს...
მოკლედ ვთქვათ, ასე ვთქვათ: სულ რომ არ ეწერა,
ეცოცხლა რუსთაველს,
არ გამეგონა არასდროს "არაბეთს როსტევან",
ვერაფერს შეცვლიდა ვერც ავთანდილის უსტარი,
ვერც ვინმე იტყოდა ოდესმე ვერაფერს, თუ სტალინს
მოუნდებოდა სახვრეპად სისხლი და კათხებით სპილენძის
მოლხენა;
პოეტი ვის უშლის ომებს ან ნადიმებს?
ლექსების მწერლებში ღმერთებს და მეფეებს ვინ ეძებს?
ძირს მეფე! ღმერთი ერთი და...
ყველა სხვა ღმერთების ვატირე
დედა და ცოლშვილი...
მერე რა,თუ ერთ დროს ბაირონ გორდონი,
შემატეს მსოფლიო მეფეთა პოეტურ მარაქას.
ენკენისთვეში პაპაჩემს კიდია პირთამდე გოდორი
ყურძნით და იროდა ეძახის:
"ბარაქა, ჟორჟიკა, ბარაქა".
და მერე,
როდესაც თხილების ჩეროში მთვრალები სხდებიან,
ლოცავენ უფალს და რატომ ადიდონ კამიუუ?
ვინც ცვლიან სამყაროს ჩემში ეს ბაბუა -მთებია,
ან ხმელა მჭადივით ლექსებიც რა დიდი რამეა...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი