ყვავები როკფელერის მოედანზე


ალბათ,თქვენ გუშინ,
საღამომდე,
დრო გქონდათ რადგან,
წიგნის თაროსთან ჩაიმუხლეთ და ვიღაც ბარტონს,
ინგლისელ პოეტს, ჩააცივდით, რომელიც გავდა
თითქმის არავის,
გათენდა და მთელი დღე ნატრობ:
"მარკ როკფელერის მოედანზე ყვავები სხედან
მწვანე თავებით" -ამდაგვარი რაღაცა წერო.
მე ბარტონს ვერ ვშლი, შემილოცე,ძვირფასო დედა,
ვწერ: შობა იყო და სოფელში გამხდარა წერა
ბაბუას ღორი- წააქციეს სისხამზე თურმე;
მელიებივით გადარბოდნენ ძაღლები ბოგირს.
წელგამდგარ უბანს ძვლებს უთბობდა რაჟიკოს ფურნე,
და სევდა, როგორც დაბნეული მარცვალი მდოგვის,
ეყარა ყველგან, თუმცა ისე, იმდენად ცოტა,
არ ჩანდა მაინც. ცას მიადგა კისერზე ბოლი.
ვერ ვხვდები. მამა, თქვენთან შობას
და ვხვდები ვცოდავ,
მივდევ დინებას ცხოვრებისას,მღვრიეა,ფონი
ვერ ვნახე...
აწი, ჩემმა ხელის მტევანმა ზიდოს
ტვირთი...
კისერი მისქელდება,ხალხს ვამჩნევ-შუბლი.
მამა, მე ბევრჯერ დამიცურდა ურემი გზიდან,
მამა, მე ბევრჯერ ავიცილე დანა და შუბი...
მამა, ქალაქში პოეტი ვარ,როგორ ვთქვა, აბა?-
პირველი არა! მეორე- ჰო! იცინე ახლა.
იცი, გაიგეს ტარიელს რომ „თანთ ეცვა კაბა“,
ჰოდა,კაბებით სიარული დაიწყო ხალხმა.
ნუ გაიკვირვებ ამიტომაც, რომ ვინმე მარკის
დიდ მოედანზე ყვავი ზის და ფერია მწვანე.
ამოიდევი, თუ შემოგრჩა, წიგნები თავქვე,
რომელსაც ცეცხლის მოსანთებად ბუხარში წვავენ.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი