სულელი ყოფილხარ


ხომ ხდება ხშირად (ანდა ზოგჯერ), როცა ამქვეყნად
გბეზრდება ყოფნა, აღარ გინდა ყლაპო ჰაერი,
არ ედებოდე ყველა კიდეს, როგორც რვაფეხა,
და გძულდეს წიგნი,
ქუჩა,
კინო,
-რაც რუსთაველის
ატარებს სახელს.
არ ისმენდე მამის იდეას,
რომ გაზაფხულზე სახელოსნოს გააფართოვებს,
უფროსის სურვილს:
"ახალ წლამდე გასაყიდია
ძველი ხუნდები სამუხრუჭე,ახალს ვიტოვებთ
ოდენ "ნისანის "
(2006 წლის ზემოთ)
სავალ ნაწილებს,რასაც ითხოვს უფრო ბაზარი;
მათთვის ეს უფრო გართობაა და სანაძლეო,
მე სამოქმედოდ ათ კვადრატულს მომიხაზავენ.
ყელშია,
ვიღაც რომ დარეკავს სოფლის ფოსტიდან,
და ისევ ისე:
"თქვენი ღობე დასცა ზამთარმა",
მამა ნერვების წამალს იღებს პაპიროსიდან,
დედა წუხს:
"წნევამ გამომლია,გამომათავა"...
ხომ ხდება ხშირად
(ანდა ზოგჯერ),
როცა ამქვეყნად
თავი გგონია სიბინძურე,გინდა მიცოცხო
ნაგავსაყრელზე,როგორც ვირთხა,მკვდარი რვაფეხა,
გადასაგდებად გენანება მაინც სიცოცხლე,
თითქოს და სკივრში,ეს ივლისის რიცხვებში შუა,
მამულში ნახე სიყმაწვილის მოკლე შარვალი,
ვერ გადააგდებ."შევინახო"? -ფიქრობ- "რა უშავს"?
და არაფერიც...ისევ სკივრში,უკან შემალავ
და გიხარია,
და გიხარია...
რა გიხარია?..

მაინც მოკვდები,რაინდო,
მაინც არავინ დაგინდობს,

სულელი ყოფილხარ!

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი