მშრალი ხიდი. საღამო
მშრალი ხიდი.საღამო. ძველი ბარი-ტავერნა. გარეთ სუსხი. შევდივართ და პალტოებს მივკიდებთ. სითბო.მუხის მაგიდა. გოგო ორი მტკაველა ორი ღილის თვალით დგას: "ყვავილები იყიდეთ". თეთრ ტილოზე საფერავს,როგორც ნუგეშს,მოიტანს ორ მტკაველზე რამდენჯერ უფრო დიდი გოგონა. ნეტა,ასე იყოს სულ, ხშირად მოვწყდეთ ორბიტას, ნეტა, ბევრჯერ მარგუნოს შენი თმების მოკონვა ბედმა... ჩემი თბილისი მალე პარიზს გაასწრებს, ღამე დღეს ემგვანება,ნაწვიმარზე რო გავალ. ცუდად კი ნუ გამიგებთ-მე ვწერ ყველას დასაწერს, ყველა სიო-ქარი თუ ყველა ქარი-ბორბალა მე მსუსხავდა ბეჭებზე, მე მშხამავდა, მე მკლავდა, მე მასხეპდა მარჯვენს და ლოცვა აღარ მინდოდა. ამინ! მორჩა, დამთავრდა უიღბლობის დეკადა, როგორც გამარჯვებული მეომარი დიდგორთან ვდგავარ ერთი პოეტი,სულით სენტიმენტალურ. ნამეტანი გულჩვილი კაცი გავხდი ბოლო დროს. აწი ცაში უცოდველ ჩიტებს უნდა ვედარო, რაღა უნდა იყოს, რომ სული გამიბოროტოს. გარეთ,ნახე თრთვილია,ფრთხილად, ჩემო ჩიორა, ცას და საათნახევარს უთოვია, ირინა, წეღან ბოშა მოხუცმა ხელზე მიმარჩიელა, როგორც ბავშვი ვცქმუტავ და... თოვლით კმაყოფილი ვარ.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი