ირინა
შემოდგომაა ახლა, ირინა, შენი შიშველი სულის ჩვენება. სექტემბრის დღეებს ზამთრის პირი აქვთ, თოვლია ჩემი ამოჩემება. წუხელ იწვიმა,ძილი გამიფრთხა, იბორიალა ქარმა იმდენხანს... „მშვიდად ვიყავი“ ახლა არ მითხრა, შენც ჩემნაირი მეამინდე ხარ. ირა,ცხოვრება არის გარბენი ზოგის მარტო და ზოგის ხელი-ხელ ჩაკიდებულად. დაიბადები მეფის კარზე და მაინც ვერ ილხენ ხშირად, ასეა ბედი მავანთა. ჰოდა ჩვენ ნეტავ რაღას ვუჩივით? ყოველდღე მინდა კოცნა წაგართვა და ვიმეორო თუთიყუშივით: ირა,თბილისში მიყვარს ცხრა ქუჩა და ერთი ქალი, მერცხლის თვალებით- ვინც თავის თავში შემოაქუჩა მთელი ქალაქის ლამაზმანები. თბილისში იცი კიდე რა მიყვარს?- მზის წილხვედრ თოვლს რომ ჩერო დაფარავს. მიკვირს, ხო ვითომ დიდი ქალი ხარ, რატომ გეძახი „ჩემო პატარას?“ ................................................ შემოდგომაა ახლა, ირინა, შენი შიშველი სულის ჩვენება. სექტემბრის დღეებს ზამთრის პირი აქვთ, თოვლია ჩემი ამოჩემება.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი