ლექსი, რომელსაც სათაურს მერე დავარქმევ
შენ ადრე, ერთი პროვინციის მეტად უფერულ ქალაქში (სადაც დაიბადე) ასე თუ ისე გიცნობდნენ ჯიბეგაფხეკილ და მუდამ უფულო პოეტს და ყველა,ზამთრისა თუ გაზაფხულის დღე იყო მარტივად ერთნაირი,თუმცა ცა მხოლოდ იცლიდა პერანგს, დააგდებდა როგორც ბოა და: ძილი დილიდან საღამომდე...თავქვე დამხობა... გამოაღებდი ხის ფანჯარას... გააბოლებდი. ძალიან ადრე-ახლა,როცა წლები გავიდა ფიქრობ,სულ რაღაც რამდენიმე თითის ჩაკეცვა წელიწადს მიღმა იმ ქალაქის მოკლე ტანიდან ადექი ბოშა და ქექავდი ბილიკს საკეცით დიდ ქალაქამდე...სადაც ღამე,ასე გეგონა, ქონდათ პოეტებს ნაყიდი და კიდეც ეწვიმა- წვეთით კი არა,მიწა ლექსით დასველდებოდა. დრო გადიოდა,ოცნებებიც ცას შეეწირა. მშიერი ხალხი...წაქცეული ნაგვის ბუნკერი... ქურდი... ბაცაცა...გამწლეული წამლის ბარიგა... დახლთან ბავშვები და თაროზე სენტ ეგზიუპერი... ვაჟა -ფშაველა ჯონ პარკერის სათადარიგო. პატიოსნება -გაწყვეტილი ძაფი მძივების მიმოფანტული სანაგვეზე,გზაზე, აქა-იქ. თვალის დახუჭვა, სიმყაყეში ჩამოძინება, საუბრის ტონი- შეყვირება,სიტყვა- ქაქანი. ჰოდა, იმ ერთი ძველი ლექსის თქმისა არ იყოს: რა დროს ლექსია, პოეტობა, მტკვარი, ნაპირი... დაჟანგებული გუთნისპირი უნდა წავიღო- სოფლად, ბაბუის სამჭედურში-გამოსაპირი.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი