კამეი ოცო


მისმინე ერო!
მე ახლა ამ თეთრ
გიჟის სამოსში ვღაღადებ სიბრძნეს:
ცხოვრება ცხენის კუდივით გათრევთ,
თქვენი ტანებით მიწა რომ იძვრეს.
მისმინეთ,
მე ვარ კამეი ოცო,
ქალაქის მთავარ ფსიქიატრიულ
სახლიდან...კმ თუ მილი ოცი
გამოვიარე.
ისევ ადრეა?..
და არა მარტო სიტყვაა ბუნტი
იწყება ასე: ჭიქაში ქარით!
ყველა ჩაკეტილ სივრცეებს ვუტევთ,
ყველა გისოსი,ყველა ჭიშკარი,
ყველა კარები- ბოქლომის გარდა!
ყველა ფანჯარა- გარეშე მინის!
ერთი ჰაერით ვინც მოღელავდა,
ყველა ფხიზელის და გალეშილის,
ყველა ავარა პოეტის, მხატვრის
ქუჩა ერთია. ნიშანი -არსად.
შეჩერდე რამის ან ვინმეს ხათრით?
არა! კვლავ არა,არაფრის ფასად!
იარე...მიდი,ყველა გზა, შუკა,
მოედე ყველა მთავარ მოედანს,
რომ შენი სითბო გამოაშუქო,
თორემ ეშმაკი გავა, მოიტანს
ყინვის ლოლოებს (მთებიდან ანდის)
ჩაგისვენდება თბილი მზე ეტლით.
არ იყო ჩემი ბელადი განდი,
არავინ არის ვინმეზე მეტი!
მისმინეთ:
მე ვარ კამეი ოცო-
უბრალო ხორცი ჟანდარმერიის
ჯგუფისთვის. უკვე მილია ოცი,
რაც გავიქეცი,
გადამერივნენ...
არავინ არის ვინმეზე მეტი:
არც ხე ხეზე და ბუჩქებზე ბუჩქი.
თავისუფლების თეთრი რაკეტით
მივფრინავ.
საკით ვისველებ ტუჩებს.
........................................
არავინ არის ვინმეზე მეტი!

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი