ვიცი მე და იცი შენ და..


-ნიკა ჩერქეზიშვილს -


ახლა ღამის ორია და მთვარე თუკი გინახავს
ისეთივე თვალებით,ჩემებურად,ხო იცი:
ფეხზეჩამოკიდებულს ფხიზლად რომ შეგინახავს,
ცა რომ გინდა დასველდეს და მერე ზურგზე მოიცვა...
დღემდე მარტო ეგ იყო, მარტო ერთი ნაკლი თუ
რა დავარქვა,რავიცი,მოკლედ, აი ასე ვთქვათ:
მოვეფერე ყველა ჩემ ნაწერ სიტყვას, ნათითურს,
თავის მაგრად მჯეროდა და სულ დავრჩები ასეთად.
ძმაკაც, ნახალოვკაში- ჭოლა ლომთათიძეზე,
თუ მაქვს მოსვლის მიზეზი, ნაღდია, რომ შენა ხარ.
პოეტები კი ვიცი, ბევრმა გამოკიდა მზე
ენიდან და სუყველა უბნის ჭადრებს შეახმა.
ჩვენი სიტყვის გახშირდა, ნიკუშ, გამომკილველი.
მეცინება, უთოვლო მწვერვალები დალაშქრეს.
ვიმეორებ: სოფელში მე ვარ ნომერ პირველი
და მეორე პოეტად ვრჩები დედაქალაქში!
დილით ადრე ავდექი, ნისლიანი ცა იყო,
შენი ფრაზა გამომყვა აყვანილი ლეკვივით:
"პოეზია, ჰო, ახლა, ახლა უფრო წაიღო"!
მგლები მხოლოდ ყმუიან და ფაქტია, რომ ვერ ვკივით
ტურებივით...ბედმა ქნა: ზოგი ამგლო, ატურა,
ზოგს მუცლიდან გამოყვა ცუგას კუდის ქიცინი.
ვკითხულობ ამ ცემენტით ნაგებ ლიტერატურას,
ვიცი მე და იცი შენ და ვიცინი და იცინი.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი