ქუჩაში დადის გიო ზედვაკელი..


მე ვერ ვიპოვნე ჩემი ადგილი-
ოთახში,გარეთ,ცაში,ხატებთან...
გული, რომელიც ბევრჯერ მატკინეთ,
ვერ დაგანახეთ, ვინც განახებდათ,
გიყვარდეთ იგი!
ჩემი ნაბიჯი,
დამძიმდა, როგორც სველი სამოსი.
სული ვერ იქნა ვერ დავადინჯე,
თავს ვიგიჟებ და თავს ვიქაოსებ.
ადრე ამ ხიდზე დოლზე უკრავდნენ,
დღეს დილით ყიდდნენ ფერად გაზეთებს.
მინდა,თბილისსაც ისე ვუყვარდე,
როგორც მე მიყვარს ახლა ასეთი-
ჩემსავით მარტო და გადაღლილი.
ჩაბნელებული ქუჩის ბოლოში
უნდა ვიყმუვლო მამა-ძაღლივით
და ვიწკმუტუნო ასე.
ხოლო შენ-
ღამეში- წამით მაინც მიფიქრო,
საშველი, წამით მაინც მოგინდეს.
რომ ძერასავით გადმოვიფრინო
და ჩამოგიჯდე შენ თბილ ლოგინზე
დღეს ქარი იყო.
ღრუბლებს ემტერა.
არეულია ისევ ამინდი.
სული თბილისში ვეღარ ეტევა.
ყველგან ვიყავი, სადღა წავიდე?

ოთახში...
გარეთ...
ცაში...
ხატებთან-
არ არის არსად ჩემი ადგილი.
ყველას გიჭირდათ დაგენახეთ და
"ვერდანახვებით" გული მატკინეთ.

ქუჩაში დადის გიო ზედვაკელი...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი