პოეტის ბოდვა,ანუ ჩემსავით არეული ლექსი


მეტეოროლოგიურ ცვლილებებთან კავშირში
(დაფიქრებამ მამხილა) ვხედავ, ანალოგია
წვიმა ახლა განწყობის:
ლუდი, ანდა ჰაშიში,
დრო მქონდეს და ფეხებსაც ყელზე შემოვაწყობდი
სარეცელის ბოლოზე ამოყვანილ ჩუქურთმას:
მგონი ბერძნის ქალია,ვარცხნილობით- ხვეული.
"ჯიბეგამოხეულის" სტატუსი მაქვს.
გოროზი
ცხოვრებაა,მით უფრო,ვხვდები:
ვინ გახეირებს
რამეს?
რას და...ვხედავ, რომ (ხედვა მაინც ჩემია)
მოვკვდები და გარდაცვლილს ხალხი ამომიჩემებს.
მქონდა ადრე ასეთი განცდა (შემომრჩენია
დღესაც) ათასებისგან მაინც გამოვირჩევი.
დედამიწა მრგვალია,ვდგევერ სადღაც შუაში,
თუბალების ნაჭედი რვალის დიდი ღერძი ვარ.
გუშინ (შუაღამეზე) იდო მაღაზიაში
ჩემი ერთი ტომი და ვერ ვიყიდე,მეძვირა,
როცა ვნახე სიზმარი, ანუ როცა მეძინა,
როცა შენც გამიცხადდი- სულის ეპიტაფია.
ყველა ქალზე მეტად შენ, ყვავილებში- ენძელა
მაფრენინებთ,
მიყვარხართ,
თუ რავიცი, რა ქვია...
მოკლედ, არაფერია ...რაღაცეებს ვიბოდებ,
რეალური ყოფა და ჩემი ლექსი ერთია.
ჩემთან, გაგიკვირდებათ, თავად ღმერთი იყო დღეს,
იმისთვის რომ, უბრალოდ, ხელი ჩამოერთმია.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი