ხასიათი, რომელსაც..


„რომელსაც“-
ამ კავშირს ვერ ვიტან ვერც ლექსში, ვერც ისე,
არა და უმისოდ რთულია,გალამბო აზრები.
თბილისის ჭუჭყიან ზურგზე ქარია მექისე.
მე მინდა,ავწიო მხრებით ეს ქუჩა,თუმცა კი თავს ზევით
არაა ძალა და სანამდე უნდა ვიდგე ან ვექაჩო
სიგარეტს,რომელსაც ისევ ეს ქარი თუ მომიწევს.
გაპარსულ სახესაც ბოლო დროს თვალებს ვერ ვაჩვევ,
სრულიად სხვა ხიბლი,სხვა შარმი ვუპოვნე, მგონი, წვერს,
რომელსაც...
აი ეს „რომელსაც“ ისევე წამომცდა
მესამედ უკვე და არ ვიტყვი ამ ლექსის ბოლომდე.
ცხოვრება, ალბათ, უფროა ნერვების გამოცდა:
ნიშანი ბოლოს.ან განსაზღვრა: კეთილი-ბოროტი.
და მერე ნავი და... ქარი და... მოსილი შავებით ქარონი
მიდის და... მიაქვს და... მიარწევს აფრიან ფუსუტას.
თბილისში ერთმანეთს მარტო თვალები ყვარობენ.
ღმერთმა მე არ მკითხა, საერთოდ, ცხოვრება თუ მსურდა.
და ქარი დამათრევს -მალაკნის ბაზრიდან დიღმამდე,
დიღმიდან- მცხეთამდე, მცხეთიდან -ლიხამდე .მერე და მის იქით
სადმე მომაღლო მთას ვნახავ,ავალ და ვიღნავლებ,
ახლა განწყობა და ხასიათი მაქვს ისეთი.

სიტყვებით თუ ვიტყვი: ხასიათს ვატარებ,
რომელსაც...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი