შენ თეთრი კნუტის ფერი ხარ, მიმი..


შენ თეთრი კნუტის ფერი ხარ, მიმი,
პატარა ფისოს პატარა კნუტის-
ბუხრის ოთახში გამოკეტილი.
მე მოვალ შენთან და ჩაგიხუტებ.
დილით ვიღვიძებ ძალიან ადრე,
გავალ და სევდა მომეძალება,
მე ვილოთებდი, შენ რომ არ მყავდე,
ახლა შენ მყავხარ და მეზარება
ველაპარაკო ამ ქუჩებს ისე,
როგორც ავარა პოეტმა წინათ.
მართლა პატარა კნუტივით მისმენ,
მართლა პატარა კნუტივით გძინავს.
..........................................................
შენ თეთრი კნუტის ფერი ხარ, ფისო,
ქარი თბილისის გორებს ეხლება,
ვერც კი გაიგებ, მე მოვალ ისე
და თეთრ კისერზე შემოგეხვევა
ჩემი მკლავები...ქარია დღესაც,
ამაღამ წვრილი შხეფით იწვიმებს.
ზეციდან შენთვის ჩამოვალ ლექსად,
მე- ღამეს ვათევ,
შენ- დაიძინე...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი