ძმადგაფიცვა სუიციდის ქუჩაზე (ბექა აბუთიძეს)


რელსებს არა აქვთ ხმა - დაგან და დაგან და დაგან
               ნიკა ჩერქეზიშვილი

თითებშუა სითბო,
სიგარეტის კვამლი.
წვიმა თითო-თითო,
წვიმა ცალი-ცალზე.
               ბექა აბუთიძე


არაფერია პოეტობა თუ არა შენი
და ჩემი ძმობა, რა უდგია მარტო სიარულს.
მოგვინდა სახლი პოეზიის?
თუ ავაშენებთ
ერთად, თუ არა დრო ისედაც მოგვასრიალებს
ქუჩაზე, სადაც თოკებია, ყულფები-ანუ
ანუ ბაწრები, იბმებიან რითაც მოზვრები.
მოდი, ჩეროში გადავაბათ წყეული ხანა,
ვუყუროთ მთვარეს ჭუჭყიანი ხელით მოზელილს.
მეც ჩამატარე სუიციდის ქუჩაზე თოკით,
ჩაატარებდნენ ადრე ასე გასაყიდ ბიჭებს.
მუსიკა-დორსი-სხვანაირად მაგარი როკი
და სიგარეტზე დაჭერილი ყვითელი კიჭი
და რელსებს ხმა აქვთ, ო ნუ იტყვი, ისეთი რელსებს,
ფანჯრის მინებზე დაყუდებულ ნიაღვრებს მოჰგავს,
თუ გეზარება, ამ კედელთან მე ვიტყვი ლექსებს,
არ დაიზარო, წამიკითხე, ძმა "ლურჯი ქოლგა":
"თითებშუა სითბო,
სიგარეტის კვამლი.
წვიმა თითო-თითო,
წვიმა ცალი-ცალზე."
კიდევ ერთი ლუდი, დაგველია იქნებ,
გვეოცნება თუგინდ პოეტების ცაზე,
ოღონდ არა აქ და არც: სიკვდილი ბარემ.
წანწალს ვარჩევ ნაღდად ისევ გარე-გარე.
"თითებსშუა სითბო,
სიგარეტის კვამლი."
ათას რამეს ვითმენ, მოთმენები მკლავენ,
ძმა, მაშინებს სისხლი, გადავიჭრა მკლავი,
ლექსებს გადმოგისხამ და ძმები ვართ...ამინ!
რელსებს ხმა აქვთ: დაგან, რახან, დაგან, რახან,
მე ვარ შენი ძმა და შენ ხარ...
ჩემი ძმა ხარ!

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი