გამივარდა მეხივით ახლა ლექსი ..


გამივარდა მეხივით ახლა ლექსი...გაიწით!
ტვინი გატენილია და ხელი დაცლის კარაბინს.
სულ არ მინდა,მიკითხოთ, ან ჩემი ცოდვით დაიწვეთ,
პოეტი ვარ სამოთხის და ჯოჯოხეთის კარამდე.
გვიან,
როცა აქერონს გამაყოლებს ქარონი,
როცა ჩემზე სიკვდილი ქარში მოილოგინებს,
დავფშვნი ლექსებს ხელებით,როგორც მსუქან ტაროებს,
მერე დროსთან (მე რო მტრობს),დროსთან დავაძმობილებ
სიტყვებს...
ძმაკაც,
ცხოვრება უცნაური რამ არი,
ზოგჯერ მტეხავს ძარღვებში,ზოგჯერ- კინო-კადრია.
ზოგჯერ ფიქრობ,ისწავლა შემობღვერა მთვარემაც,
ზოგჯერ -მძინავს ორამდე,ზოგჯერ- ვდგები ადრე და
არაფრისთვის ვიტეხავ ძილს...
მსუქანი ბიძია
გადმომხედავს ზევიდან,გადმომიყრის კაპიკებს.
აღარ აიწონება აწი სულის სიმძიმე,
ყველა უღელს ოდესმე უნდა მოტყდეს ტაბიკი,
რომ ადგე და ძალიან- როგორც გიჟმა- აიშვა,
მოაგლიჯო საყელო მზერით ცას და შეხედო,
სახეზე რომ სიწითლე შეეპარა- ქალიშვილს.
ყველა შენგან წასული და მომავალი შემხვედრი
დააჯერო,
მგელი ხარ და სერებს სერავ სირბილით,
ვერ გაბედოს ვერავინ, გამოგაბას ფალმანდი.
ყოფა არის ისეთი-
ხასიათის სირბილე
ფეხს დაგიდებს სადმე
და დაგიჭერს
და დაგაგდებს.
გეხსომებათ უთუოდ ანრი ტულუზ ლოტრეკი:
უფრო მეტი ხორცი და სიშიშვლე რომ დახატა.
მე კი სადაც წავედი, სადაც მივდექ -მოვდექი,
სულს, რომელიც თანგამყვა, სინდისი ვერ გავხადე.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი