მი, წუხელ, ალბათ, შობას ელოდი..


შუადღე შობის...ალბათ, მარხილებს
საალილოო მოაქვთ ალაფი.
დილიდან თვალი რაც გავახილე,
მე დაღლილი ვარ ისევ არაფრით.
აივანს, როგორც ციხის ქონგურებს,
შემოეკედლა მტრედი ხუნდებით.
მცივა და ახლა კარი მოვხურე,
ისევ კედლისკენ გადავბრუნდები.
მშრალი ყინვაა,ყელი მიშრება...
იქნება ღამე მაინც მოთოვოს...
მომავალ შობას დაინიშნები
და მერე, როგორც თუთის ფოთოლი
ნელა დაიწყებ ჩემზე დაშვებას,
მე დედამიწად უნდა დაგიწვე.
ჩვენ გვეყოლება თეთრი ბავშვები,
დღეგამოშვებით ლექსებს დაგიწერ.
მი,ალბათ წუხელ შობას ელოდი,
მეც ფანჯარასთან შუქი ავანთე.
სამების მრევლთან მოიმღეროდი,
ქარი ჩადგა და სტვენდა არაფერს...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი