ზამთარი სოფლად
ჩემი ოთახი, რომელიც სანგარს გავს უფრო მეტად,ვიდრე საცხოვრის, კვლავ სიმარტოვეს მასპინძლობს -სამგლეს. არა და წუხელ ლექსებს ვაცხობდი დესერტად ვახშმის (ფონი- მერკური). უყურე ახლა ზამთარს... დაღლაა.. კვლავ უშენობას ვეკურ- კურები და ბეღურები შემოაღებენ კარებებს...თოვა..ნერვების წყვეტა, და მერამდენე ჩემი გალეშვა. ბებო,მიდი რა, შეეშვი ხვეტას, რა აჩრდილივით დგახარ კარებში... ანდა გამიშვი...შეხედე ხურმებს- ბოლოშავების გუნდი ასხია. აქ რა მოწყებნა ყოფილა თურმე. მოულოდნელი ტყვიის დასხლეტა. კარებთან იბერტყს ვიღაცა ჩექმებს, თუ ხიდგაღმელი ვინმე მოვიდა, მას ლაპარაკი წყურია ჩემთან, იჯექი, ბებო, მე გამოვიტან არაყს და...მერე მოვძებნი ფილთას (ზუმბით ვწმინდე და მერე დავზეთე) და ავიტკიებ თუთუნით ფილტვებს, საგულდაგულოდ ვახვევ გაზეთში. ამოათავეს ძროხებმა ბაგა, ღმუის ბუღა და უნდა ავუშვა. მეც მოზვერივით მჭირდება დაბმა, რომ დიდხანს დავრჩე ამ სამყაროში.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი