ინანა, მე სუსტი გლეხი ვარ


მზისფერი მაისიც მივლიე,
ვაშლებიც დამწიფდა შაქარა.
მე ახლა დავეხსენ იანვარს,
ღრუბლებს ვდევ მინდია-შაქანი.
მე მთვარის ყურება მომბეზრდა,
შენ მინდა გიყურო, ინანა.
ლანდი ვარ ხიმიან ღობესთან,
და ყოველ დათრობას ვინანებ.
შეხედე,მზე მოდის -უთუა,
რაღაცა წამები დილამდე...
მე დამღლის სინათლე უთუოდ,
ვეკვრები სიბნელის ბინადრებს.
ინანა,მე სუსტი გლეხი ვარ
ისე,რომ მეფეებს აქადელთ
ვუფრთხი და ვემალვი მეხივით
ჩვენს ერამდე და აქამდეც.
ინანა,მე მხოლოდ ის მინდა:
(ოცნება ცხენივით უბელო)
ღრუბელზე ვისხდეთ და მისმენდე,
ორივეს გვიძლებდეს ღრუბელი.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი