ახლა ქარია... ზეცაა უდაბნო..


ახლა ქარია...ზეცაა უდაბნო...
ვილტვი და ვემალვი ქალსახა ჰარპიებს.
მე შევეჩვიე ხეობას უდაბურს,
და ღმერთი ჩვილი ბავშვივით ვატირე.
ნელ-ნელა მსხვილდება მცირე და წვრილმანი...
(სასაცილოა,მე-ქრისტეს ტარიგი? )
მონოლითია და ზადენს მწირავენ.
და მარტი გლოვის ყვავილებს არიგებს.
ახლა ქუჩებში დარბიან მხეცები:
უსახო სულებით,ეშვებით მამონტის.
ერთმანეთს ისე უნდობლად ხოცავენ.
რა საშინელი კადრია..გამორთეთ!!!
განა შორია გაცი და გაიმი,
ხვალ, ალბათ, ჩემს გულსაც ხელებში დაიჭერს
ვიღაცა,როცა ქუჩაში გავივლი.
მეც უნდა ავდგე და ჭკუიდან ავიჭრე.
ღმერთო,ასეთი შეშლილი მსოფლიო,
გიღირდა ნეტავ რისთვის და რა ფასად.
ქუჩაში ადამის სისხლი და ოფლია
და ჩემი ფიქრებით შეჭმული ნაფაზი.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი