ბოლო პოეტი ვარ


ბოლო სიგარეტი ისე,
განწყობისთვის...
ახლა ფიქრი იქით უნდა გავაწვალო.
თავს რომ მაწონებდი,მომაწონე.
შენ თმებს გამოვები,
არსად აღარ წავალ.
ჩემი არეული ქუჩა გავასწორე,
ღამე მივალაგე საწოლივით.
როგორ მოგეფერო, არ მასწავლო.
ისე ლამაზი ხარ დაწოლილი,
აღარც მინდა ჩემი კოცნის ინსტრუქცია,
რადგან ფიზიკურად ისე ანდამატობ.
სხვებმა თუ იციან ასე სიყვარული-
სუნთქვაც მესმის შენი,თავიც არ დამადო.
შენი სიახლოვე უფრო სიშორეა,
შენ მაგ სიშორიდან შემოხვედი.
სანამ ბეღურები სარჩოს იშოვნიან,
მანამ ფანჯარასთან იქნებ შენ მოხვიდე.
შემომხედო...
მე ხომ ბოლო პოეტი ვარ,
ლექსებს უგულობა ასამარებს.
ახლა შენ მინდიხარ წარსადგენად,
ჩემი პოეზია-დასამალად.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი