ჩვენ- პოეტები საქართველოსი
გიო მეფეა, უსათუოდ მეფეა გიო! და ამით უნდა ამაყობდნენ საჯაიები. ასე დილიდან ვიუწყები, როგორც რადიო. ყანწი არ გინდათ, ჩვენ ლექსებით გვაჯარიმებენ. ღამემ მიმშობლა მე უმშობლო, დღემ ვერ მიშვილა... ნახალოვკაში შავ ღამეში ჩერქეზიშვილი დაიწყვეტს ნერვებს, ვინც ცხოვრებას დედა უგინა... სამარგალოში ერთი ძმა მყავს, ლექსი თუ გინდა! სადმე სენაკში მოიკიხეთ ახალაია! აღარ არიან? უსაფუძვლო არის ბრალდება. არიან! პოეტს რა გააწყობს საქართველოში? თქვენ ოღონდ თქვით და სული ლექსად აბრიალდება. სიყვარული გსურთ? სადმე მინდვრად გათარეშება? ნახოთ პარიზი და პარიზის შემოგარენი? ის ლექსებს-როგორც ბავშვის სათამაშოებს ნოხზე დაგიყრით- შეისუნთქეთ სანდრო დგვარელი! ბათუმში, ალბათ, წვიმა არი ახლა წუწუნა, პლაჟზე ამაოდ დამაშვრალი მშრალ ქვებს ვერ იძევ. სიტყვები სველი წვიმასავით ჩამოიწურა გულიდან ბიჭმა - გვარად (როი) აბუსელიძემ. ახლა საჩიხის კართან დგანან შავი ხარები და მიხარია, მოწერილი მომდის ბარათი: -ძამულიაო, მომენატრე, შენ გეიხარე! მოუწერია წუხელ ასე ნუკრა ბერეთელს. ნუკრი, იმერეთს როცა ტოვებ, მაშინ მე ჩავალ, რადგან ცოდვაა უპოეტოდ, უფრო- ბეჩავი. ჩვენ შეიძლება დავანებოთ თავი სიგარეტს, ლექსების წერას აწი ვეღარ გადავეჩვევით. გიო მეფეა, უსათუოდ მეფეა გიო, და ამით უნდა ამაყობდნენ საჯაიები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი