მუხურის მთებს


ო, რა გული აქვთ მუხებს
ამხელა მთებზე დგომით.
რა უკანკალებთ მუხლებს
წვიმა თუ ქართან ომი?
    ორაგულივით ავდევ
    შვილოსთავისკენ გვიმრალს,
    და ისე მქაჩავს გული,
    როგორც სასწორის გირა.
საოცარია  ბზები
და იელების ზოლი ,
ზედვაკელების ეზო-
ლურჯი ცის ხელა  ზომით,
    დაბერავს ღამით სიო,
    გააქანავებს  ჰამაკს,
    ბედნიერია გიო,
    როცა შორდება ქალაქს.
ხვალ ნაკალოვარს დავხნავ,
გარეთ ძაღლები ყეფენ.
ნეტავ  ვინ არის ახლა
პოეზიაში მეფე?
    თვალით მოვთხარე მთვარე,
    როგორც ყამირის ბელტი.
    მიჭირდა? შემიფარეთ!
    რაღა მოგთხოვოთ მეტი,
    მთებო?
ზვიადო მთებო,
ჩამოგიქროლებთ ძერა.
და თქვენით ,
ალბათ,აღარ
დამავიწყდება წერა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი