შესაბამისად იმისა
...ასეთ დროს ყოველთვის ფხიზლობენ გიჟები... გიო საჯაია შესაბამისად იმისა, არ არის დიღომში ქარი, ღამეა მსგავსი დილისა, მე ვარ, უბრალოდ, მთვრალი. რაც მიფიქრია აქამდე და ვიჩურჩულე გულში ამიხდა. ჩემი სახელი არ გამიცვლია ფულში. გადაიარა ქარებმა ჩემს ზურგზე, როგორც გვემამ. ხან როგორც ირა მიყვარდი, ხან ჰანა, ხანაც ემმა. და გადიოდნენ დღეები და გადიოდნენ წლები და წლიდან წლამდე იყრიდნენ ტანებს ეზოში ბლები. ყეფდნენ მეზობლის ძაღლები და ყეფდა ჩვენი ძაღლიც. ზოგჯერ ვერ მეკარებოდი ძაღლივით ავს და დაღლილს. ახლა შენ ნიცას აძინებ,მე კი ფურცელზე ვთვლემ და ალბათ,მე უფრო მამა ვარ და შენ დედაზე დედა! დამათენდება ეს ღამე სოფლის გიჟივით ფხიზელს, ჩემს სიფხიზლეში ვერავინ ვერ დაინახავს მიზეზს. შესაბამისად იმისა, არ არის დიღომში ქარი, ღამეა მსგავსი დილისა, მე ვარ უბრალოდ მთვრალი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი