შენ გიყვარს ასეთი ბინძური ქალაქი, ბოჰემა..
საღამო...შენ გარეთ... ის ქალი (სულ მარტო) ჟალუზთან, რაფაზე- ნიჟარა და ჩაის წითელი ფინჯანი. ასეთ დროს გჩვევია, ბოლომდე რომ აყვე ამურს და ხვალინდელ რიჟრაჟზე, უთუოდ, ამ ღამეს იჯავრებ. ბრალი რა შენია, ნუ ბოდავ, ისედაც ნათელი ისაა, რომ სახლი, რომელიც, უბრალოდ, ალამუთს გაგონებს და თუნდაც ღამე დილამდე ათენო, სარკმელშიც შეხედვაც რთულია, შეღწევა-არა თუ. მიდიხარ... ზუიან წვეთები... შეშლილი გამზირი... მარაზმი- ქუჩაზე ლოტრეკის ნახატი ბოზები დგებიან...ის დროა,სადგურზე აღარ ყიდიან გაზეთებს... ლუდი, არაყი.. საერთო კათხაში.. დაასხი.. დროზე რა! შენ გიყვარს ასეთი ბინძური ქალაქი, ბოჰემა... ვიღაცის ამაზრზენ სხეულზე იწვე და დილამდე ილაყბო: რომ ადრე გიყვარდა ძალიან ჰიუგო და ახლა ო' ჰენრი, მერე ქალს, რომელსაც ნაბოზარს უწოდებ, მიაგდებ. და ასე გადიხარ,არეულ ნაბიჯით ქუჩაზე-ლაჩარი, და სახლში (რომელშიც შეღწევას, უბრალოდ, ოცნებობ) ანთია ბუხარი, ფიჩხები ნაკვერჩხლის ნაფაზებს ქაჩავენ და ქერა ანგელოზს ლოყებს უწითლებს კოცონი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი