ვბრუნდებით მატარებლით


აქედან  ზღვის სუნია.
გურია: ნატანები.
ამინდი- ტროპიკული:
მინებზე უკაკუნებს
წვიმები.
გაწუწული ეკლები,კოპიტები.
მოვდივარ მატარებლით,
როდესაც მომინდები
წყალივით.
წერილებით წუწუნებ:
"არ აპირებს
ამინდებს,
ტურისტებმა დატოვეს სანაპირო,
ქალაქის დამხვდურებსაც არ უხსნით დანა კბილებს,
სხედან და ჭორაობენ,
სხვა მეტი არაფერი."
....
შენ ამინდს ემდურები,
მე -ვაგონს:
გიტარებით
ამოხტნენ ლოთები
და აიკლეს კუპეები.
სადაც შენ მეგულები,
ავდრები იდარებენ,
ქარები ლაგდებიან,
შრებიან გუბეები!
ქოლგით რომ ჩაიარო,
ქუჩას მზედ ეფინები.
ყირაზე გადადიან
კეთილი დელფინები.

და ისევ ნატანები...

ურეკი...

გრიგოლეთი...

რამდენხანს  გნატრობდი და რამდენხანს გიგონებდი!
....
ვბრუნდებით მატარებლით!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი