იმედი


ეზოში  ძაღლი და  ძაღლთან  კატა,
კატა აბრაზებს ძაღლს და  ეს ძაღლიც,
ისეთი დინჯი აღმოჩნდა,კართან
ჩამომჯდარია,როგორც მეწაღე
და მერამდენე დღე არის უკვე,
თათით აწვალებს ჩემ წყვილ ფეხსაცმელს.

კატა ღობეზე გადის ზმორებით,
არც ეძრახება ეს  სიზარმაცე.
მოღრუბლულია,იწვიმებს,ალბათ,
პატარ-პატარა  „ამაზონებიც“
გამოჩნდებიან ეზოში მალე.

გადავიღალე უკვე ცხოვრებით...

მესამე დღეა ჩავჯექი სახლში-
უსამსახუროდ,უფულოდ,მაგრამ
იმედად მიდევს ჯერ მაცივარში,
არაყი,დილით,უზმოზე,ას გრამს
გადავკრავ.გაიფანტება ნისლი,
მოვა ტიტინით ჩემი გოგონა
და ის დამინთებს გულში თითებით
ზღვა იმედების „ჭიაკოკონას“.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი