ჩემს სამყოფელში
ვცხოვრობ ცის იქით, თეთრი მაქვს სახლი, ეზოდ ყვავილთა წყება შემოსდევს, ღობესთან ზოგჯერ ცისთვალა მთვარე ჩნდება და ჩუმად სახლშიც შემოდის… ჩემს სამყოფელში მზე და მთვარე ერთად ანთია, ჩემს სამყოფელში ყოველდღიურად იცვლებიან წელიწადის დროები, ჩემს სამყოფელში ყველანაირ აზრს აგათლიან, თუკი ერთხელაც თქვი რომ შენ ხარ ცოტა პოეტი. ჩემს სამყოფელში ისმის მუდამ საგალობლები, მცხოვრებნი ყველას ეძახიან მოდით, ოსანა! აქ იშლებიან ბარათებად ხმელი ფოთლები, და თხოვდებიან ვარსკვლავები შეუმოსავად. აქ ფიქრებს სთესენ გადაღლილი, გლეხი სოფლები და შემოდგომით მთვარე იღებს ლექსებს მოსავლად ჩემს თეთრ ბინაში სამი გმირი ღამეებს ათევს, “პატარა უფლისწული”, “თოლია ჯონათან ლივინგსტონი” და “ცასწავალა”, ჩემს სამყოფელში ორი დღის წინ ბაობაბები დარგეს, და მათ ერთ ღამეში მთვარემ ვარსკვლავების დათვლა ასწავლა. ჩემს სამყოფელში ხშირად დასეირნობენ ალი და ნინო, და მერე აქვე წმინდა გრძნობას ერთურთს უხსნიან, აქ წურავს ლოთი დიონისე ნისლისგან ღვინოს, ჩემს სამყოფელში, ჩემს ეზოში კარცერ-ლუქსია. ჩემს სამყოფელში მცხოვრებთ ცასიქითლებსაც გვეძახიან, ჩემთან ზღვა ღელავს და მოხუციც რაღაცას ეძებს, და გილგამეშიც სიკვდილს ეძებს და მერე ებრძვის, აქ ვიიონი, ლორკა, რემბო ყვირიან ლექსებს, აქ მარცვალივით იკარგება ალალი ლექსი. აქ მხოლოდ დგამენ ანტიპიესებს, და იონესკოს აბსურდს ეტრფიან, აქ არ ამბობენ ხმადაბლა ლექსებს, ცოფებს ყრიან და ყეფით ყვებიან. ჩემს სამყოფელში უქმე დღეები შავ-თეთრია, და ტირის არავინ, აქ ოცნებები, ნისლებივით იკარგებიან, ფიქრები კიდევ დღიურს კერავენ. ……………………………………………………………………………… ვცხოვრობ ცის იქით, თეთრი მაქვს სახლი, ეზოდ ყვავილთა წყება შემოსდევს, წამოდი შენაც, წამოდი ცაში და ჩემს ყვავილთა სახლში შემოდი. ჩემს სამყოფელში მუდამ ვიღაცას ელოდებიან, დღეს მოლოდინი შენი ჩამოწვა, წამოდი, წამო, წა…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი