სიკვდილის ჰიმნი
1. სიცოცხლემშვიდობისა! ჩვენ დაბერებული ბიჭები ვართ, სიკვდილით დაბერებულ- დაბეჩავებულები.. როდესაც მოკვდა... როდესაც მოკვდა... როდესაც მოკვდა... აქედან რომელი იყო ძნელი და რომელი ადვილი სიკვდილი ვერ გავერკვიე.. მხოლოდ მახსოვს მათი დაკრძალვები, დატირებები, საფლვები.. ისინი გავდნენ წყალდიდობისგან ფესვიანად მოგლეჯილ ხეებს, როდესაც ერთ-ერთის გაყინულ სხეულს შევეხე - ის იქცა წყლად. სასაფლაომდე არ იყო შორი ჩვენ მიგვქონდა მათი სხეულები და ვგრძნობდით სიმძიმეს ჩვენს მხრებზე, სხეულზე, სულში... ღამისთენებები იდგა ჩვენს სიტყვებზე, ჩვენს დუმილზე, ჩვენს სიცილზე.. ვცდილობდით სიცილში გვეპოვა ერთმანეთი და მათთან ერთად უკანასკნელი ღამეები გაგვეტეხა.. იდგა ქალაქისოდენი ღამე და იბადებოდა ჩვენში ტკივილი, იზრდებოდა და გვჩრდილავდა ყველას.. ერთმანეთის თვალებში ჩაბუდებულიყო შიში და ათასი შეკითხვა: სად გადაგვემალა სიკვდილი, რომელ კედელს ამოვფარებოდით, სად გვისაფრდებოდა ის მდინარეში, გზის პირას, სასთუმლის ქვეშ თუ უნდოს ხელში.. ვფიქრობდით და სიკვდილის ჭია ღრღნიდა ნარევში გათენებულ თუ გასათენებელ ღამეებს.. ჩვენ ვწერდით საავადმყოფოს დერეფნებში თუ როგორ ინგრეოდა მათი კედლები და მტვერში როგორ დავეძებდით ერთმანეთის ხელებს. მეოთხე სართულზე იყო სამშობიარო, საიდანაც ბავშვების განწირული კვნესა ისმოდა, თითქოს დაბადებას გადაჩვეულნი საყვედურის ღრუბელში გახვეულნი საკუთარ მშობლებს უწყრებოდნენ.. მესამესართულზე იყო რეანიმაცია, საიდანაც მომაკვდვთა სუნთქვა დერეფნისკედლებს აწყდებოდა.. ვინ მოიფიქრა ეს? 2. მე ვიპოვე ჩემი სიკვდილი, ის იჯდა გზაჯვარედინზე, მუხლებზე ედო თავი და მღეროდა.. მე ვიჯექი სიკვდილის წინ მის ჩრდილს შეფარებული. 3. მე დაბერებული ბავშვი ვარ, დაბერებული გრძნობებით სავსე.. დაობებულ პურს შევექცევი.. ჩემი მეგობრების საფლავებზე, და მათი ქვების ჩრდილს ვეფარები. 4. სასაფლაოდან მომდევს ხმები ქვების და მიწის.. ერთხელმიყრილმიწიანი ხელებით ვჭამდი პურს წლები.. ვერაფრით ამოვიყვანე ფრჩხილებიდან მიწა და თითქოს სიკვდილი მყავდა აყოლილი, ამ ხელებით ვწერდი, ვაშენებდი- ვუწვდიდი და ვართმევდი ხელს ნაცნობ-უცნობს, ამ ხელით ვეფერებოდი საყვარელ გოგოს და მიკვირდა როცა ვერავინ ამჩნევდა სიკვდილიან ხელებს, მიკვირდა როცა არავინ მითხრა - გაიხადე სიკვდილი. 6. სიკვდილი ჩემი ლექსების სარჩულია, სიცოცხლე ზედ ამოქარგული ორნამენტი, რომელიც ცვდება და ხუნდება.. მხოლოდ სარჩული რჩება - უფრო მეტად ახლობელი და საშინაო.. ეს ლექსი დაგვიანებული მიწის ბელტია დაგვიანებული ცრემლი და ნაკაწრი ქვაზე.. მე ვიჯექი საფლავებს შორის და ვფიქრობდი ადვილსა და ძნელ სიკვდილზე.. მე სიკვდილის პოეტი ვარ, ჩემი ლექსები გაჟღენთილია სიკვდილისწინა ურვითა და დატირებით.. პურივით ვთესავ სიტყვებს ფურცლის ნედლ ზედაპირზე.. 7 საფლავებს შორის, როგორც ტაძარში დადიოდა დედა -გაუძელ ყინვას - ამბობდა და აფარებდა თოვლის სუდარას.. სიცოცხლემშვიდობისა ჩვენ დაბერებული ბიჭები ვართ სიკვდილით დაბერებულ-დაბეჩავებულები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი