ალდი
/პოემა-გვრინი/ „რჯულ-სამართალი ყველას თავისა აქვ“ ხევს. ანდაზა პროლოგი ეს ალდის ლექსია, სიკვდილშეყრილი ალდის სიზმრები. არაგვივით მღვრიე და მითივით ბუნდოვანი. 1. თენდება რწმენაბერწი აღვსება*, ალდი მარტო ზის ფეხონში* და ყალიონს აბოლებს. თამბაქოს კვამლი ლოცვასავით აედინება ცისკენ და ნისლს ერევა. აღარცვინ ხმისგამცემი, აღარცვინ ხატის-მსახური, აღარცვინ მთიბელი და გამომხდელი ქერის არაყისა. ალდიმ უნდა ილოცოს, ალდიმ უნდა თიბოს ჯინჭველაგორიანი* ყანები, ალდიმ უნდა გამოხადოს წინწარაქარი*. ალდიმ უნდა გადაამთხოს ნადირი და ქაჯ-ეშმაკნი, ალდიმ უნდა გაითხაროს საფლავი, ალდიმ უნდა ჩაიცვას ტალავარი*, ალდი უნდა მოკვდეს. ბოლოჯერ უსმენს გულწითელას სტვენას, რომელიც სიკვდილის საგალობელია ალდისთის. როგორც ახალგაზრდა ქალი ჯვრისწერისთვის, ისე ემზადება ალდი სიკვდილისთვის. 1.3 როცა დაიბადა ალდი, მაშინ დაიბადა ეს სოფელი, ვრცელი ყანებითა და ქვითკირებით*. როცა შევა ალდი იაღში*, იქ სხვა სოფელი დახვდება, და ისევ ბალღად დაიბადება - ასე სწამს ალდის. "ჭიანი ვერ შამჭამენ მიწაში ჩადებულს, ბალღადშობილი ბალღადვე მიებარება მიწას". 1.9 რა ხდება იქით? რა ფერი ბილიკებია? 2.5 როდესაც ჭირით დაღლილი და ღმერთთან სასაუბროდ გამზადებული თვალები დახუჭა ალდიმ, ზურგზე მერქანი შემოერტყა, როგორც ჯაჭვის პერანგი. ექავებოდა ტანზე შემოკრული ჩრაქვი* და ხელს კი ვერ იწვდენდა. ის ღამე იყო და არა იყო რა ალდისთვს, რომელმაც საოცრისმყენეს* ძალით იხილა საოცარი*: თოვლს იბერტყავდა სოფელი, ხოლო მთებიდან წამოვიდა სისხლის მდინარეები რომელიც თოვლს შეერია და იძრა თოვლის ზვავები სოფლისაკე. სისხლის თოვლზე არეკლილი მზე თვალებს სწვავდა ალდის. სისხლმა წალეკა საოცარში ალდის სოფელი, სისხლში დაიხრჩო ალდი. 3. სიკვდილი შინშივით* ესტურება ალიდის. ისიც შეიპატიჟებს მაგრამ, ვინ უნდა გაუთხაროს საფლავი ალდის?! ვინ დაირღვნება* ალდისთვის?! ვინ იქნებიან ალდის გამბანელნი?! ვინ გაუთენებს ნარევში*?! ვინ გაჰპოხს ალდის ცხედარს ერბოთი?! ვინ უნდა არბინოს სულის ცხენი?!* "თვითონ" - თქვა ალდიმ და პირველი ბელტი აჰყარა მიწას, "თვითონ' - თქვა ალდიმ და ბარის პირი ქვიანზე ახმაურდა, "თვითონ" - თქვა ალდიმ და ოფლიან შუბლზე მკლავი მოისვა. სუდარი* უნდა ჩაიცვას ალდიმ. სამკვდროდ გამზადებული პერანგი ამოიღო დაჭრელებული კიდობნიდან. სულის ტალავრს მზის სინათლე მოხვდა თუ არა - აჭრელდა. ბამბის სამი ფერის პერანგი ჭირდება ალდის; თეთრი - სიწმინდე, საიქიოს მცხროვრებთა შესამოსელი და საჭირო იქ დამკვიდრებისთვის. წითელი - სისხლის და მარადიული სიცოცხლის სიმბოლო, შავი (ლურჯი) - მიწისქვეშა საიქიო. ბოლოს დაშიბაული ბაჭიჭები ამოიცვა და თქვა: "იარაღს არ წაიღებს ალდი“ იარაღი არ უნდა ჩაჰყვეს კაცს მიწაში, რკინა საშიშია. ბალღად დაბადებული ბალღადვე უნდა მოკვდეს" ახლა უნდა იმღეროს. აიღო ფანდური ალდიმ და მღერის: „ძმასა ისეთა ძმა უნდა, ბადრის უსუპ რომ ჰყოლია, ბადრი კლდით გადავარდნილა უსუპ თან გადაჰყოლია“ ახლა უნდა დაილოცოს ალდიმ, აქამდე რომ არავის ულოცია ისე. უნდა აანთოს სანთელი, აიღოს ტარკოში* და თქვას: „დიდება გამჩენს, დიდება დღეს დღესინდელს, მზეს და მზის თან მყოლ ანგელოზთ, ისმინე ვედრება პირიმზის ყმის ალდისა, ხელმოუმართე სიკვდილის მდინარეში, აპატიე შეცოდება, მოჰფინე შენი სამოსელი, ნუ მოაკლებ ძალას სიკვდილისას.“ გამოიყვანა ალდიმ ცხენი, ჩამოუწნდა ფაფარი, გამოუნასკვა დედუას დაქარგული საფაფრე, შემოაკრა საშუბლური, მერე ძუა ჩამოუწნა, მოსართავები რომ შემოუჭირა, სანთელი აანთო, ხურჯინში საგზალი, პურ-სატანი ჩაალაგა. ერთი ხელით აღვირი დაიჭირა, მეორეში არყიანი ყანწი და თქვა: „ჩემი სახმარი იყოს ეს შეკაზმული ცხენი, ჩემი საფერხე, სადაც დამჭირდეს, უცხენოდ ნუ ვიქნები, ეს უნაგირი, ხურჯინ-საგზალი მეაც მეხმარების“ მერე არაყი გადაასხა ფაფარზე ცხენს, მათრახი სამჯერ მსუბუქად გადაჰკრა და ხელი გაუშვა აღვირს. ცხენმა მიწას დაჰკრა ტორები, დაიჭიხვინა და მოწყდა ადგილიდან. ცხენი რომ თვალს მიეფარა ალდი ტაბლისკენ მოტრიალდა, დაიდგა ჯამით ხორბალი, დაიდგა ჭურჭელი წყლითა და არყით სავსე. დაინთო სანთელი. ახლა უნდა მოკვდეს ალდი და მოკვდეს სოფელი. გამოკეტა კარი ალდიმ, უკანასკნელად ამოჩხრიკა თამბაქო ყალიონში, უკანასკნელად გაჰკრა კვესს, უკანსაკნელად დაიფარა გამხმარი ქუდი და აუყვა საფლავთგორს. თან წაიბურტყუნა: „ღმერთი მაღალი, კაცი დაბალი.“ 3.5 ჯავრივით ძნელი იყო ალდის აღმართი საფლავებამდე. ქალბანნი წაიყარა. სოფლის ფსალმუნები - ჭინჭრისდედები* ეჩურჩულებოდნენ ალდის. 4. საიდან მოვიდა სიკვდილი, რომელ ქარს ჩამოჰყვა სოფლამდე, სთვლისაა* თუ ზამთრისა, რომელი ღელე გადმოიარა, რომელ წყაროსთან გაჩერდა სულისმოსაქცევად, რომელ წელთგზაზე არ დაუცდა ფეხი ან რომელ ნადირს გამოეპარა? აათავა ბილიკი ალდიმ და თქვა: „სირცხვილი რომ მოგადგება - სიკვილი ეგ არი, ბეჩავად ყოფნა და კარში ვერ გამოსვლა - სიკვდილი ეგ არი, დიაცთან რომ შერცხვები - სიკვდილი ეგ არი. შინ ყვირილი რო გაგიადვილდება დაგარეთ ხმის გაღების შეგრცხვება - სიკვდილი ეგ არი. სტუმრად მოსულ მტერს რომ ხელცალია ან მწოლიარე ავადმყოფი დახვდები -სიკვდილი ეგ არი. შენ მკვდარ შვილს ზურგში რო ექნება ჭრილობა - სიკვდილი ეგ არი. (ეგ ორჯერ მკვდარია, გაქცეული რო ჰკვდები.) მარტო კაცის ყოფა - სიკვდილი ეგ არი. ცოცხალი რო ხარ სიკვდილი ეგ არი. ჩამოჯდა ალდი ქვაზე, გადააფურთხა თამბაქო და თქვა: - სიკვდილო, არც რა შენ ყოფილხარ სირცხვილზე მეტი. ... მაგრამ რატომ უნდა მოკვდეს ალდი?! მაგრამ უნდა მოკვდეს ალდი. რადგან: არ უნდა დაბერდეს ალდი, არ უნდა დაბეჩავდეს, ალდიმ ჯოხით არ უნდა იაროს: ევჰუ არგნიანო ალდი, ევჰუ, სიბერეო სიძნელეო, ჯოხო - ჯოჯოხეთისაო. 4.6 რა არის სიკვდილი? საით მიდის ადამიანი? და იხილა ალდიმ საოცარი - კიბე ცისკენ ატყორცნილი, რომლის ძირიც ბანზე იდგა. აჰყვა ალდი კიბეს, თანდათან ტალავარი ამძიმებდა და იყრიდა ტანიდან. აღარაფერი ეცვა, მაინც ემძიმებოდა საკუთარი სხეული და უნდოდა ხორცის წაყრა ტანიდან. კიბის ბოლო ღვთის კარზე იყო მიბჯენილი. ეკიდა ალდი ღთის კარზე ოქროს ჯაჭვით, ხოლო მისი სხეული ნეკერჩხლის ფოთოლივით დამსუბუქებული ირწეოდა ღთიშვილთა ოსანაზე. 4.7 კა მტერ ცუდ მოკეთეს სჯობავ - მაგრამ მოკეთე აღარ ჰყავს ალდის, აღარც მტერი და აზრს კარგავს მისი სამზეოზე ყოფა. 5. სიკვდილისთვის დაიბადა ალდი, სიკვდილისთვის დაბერდა ალდი. ყველაფერს ხავსი და ბალახი ედება ბოლოს, სახლსაც, იარაღსაც, საფლავსაც, სახელსაც. ღვთის წილია ყველა საქმეში, ღმერთია უზენაესი ძალი და დიდება. ნეტავ შეიძლებოდეს ხორცი წაიყარო ტანიდან, როგორც ტალავარი და სული ზემოთ დატოვო, ნეტა შეიძლებოდეს ჩამოქცეული სახლის ბანი მარტო კაცის ხელით მთელდებოდეს და იტკეპნებოდეს. ნეტავ შეიძლებოდეს ამ ბანზე ბალღები დარბოდნენ და კვამლი ამოდიოდეს. ნეტავ შეიძლებოდეს ხირჩლა ბაბურაულის ფერი ყმაწვილები იბადებოდნენ და იზრდებოდნენ, ნეტავ შეიძლებოდეს, ისეთი გუბეების დაშრობა, შიგ ჩაწოლა რომ არ გჭირდებოდეს. ნეტა შეიძლებოდეს სიკვდილი ისე როგორც მოკვდა ხახმატელი ყირა ბაჩიქვაური. ნეტავ შიძლებოდეს სიკვდილი ისე, როგორც მოკვდა ამღიონი დავით ჭოლიკაური, სანადიროში, ქარაფს მოკიდებული, ხარჯიხვითა და თოფით ხელში. ნეტავ შეიძლებოდეს სიკვდილი მოდიოდეს და სახლში პატიჟებდე, ნეტავ შეიძლებოდეს, სიკვდილის სოფელში, იმათ მკვდართ საფლავებზე ქრისტესისხლები ამოდიოდეს ნეტავ შეიძლებოდეს სიკვდილი წინ გეჯდეს, არაყს ასმევდე და ბალღის სიცილს ასმენინებდე, ნეტავ შეიძლებოდეს სიკვდილს შენ საბანს აფარებდე და თვითონ მიწას არ გაყრიდეს. 5.4 რა ხნისაა სიკვდილი და რამდენი და-ძმა ჰყავს? ნეტავ რა ჰქვია დედას სიკვდილისას, თუ იცის ტალავრის ქსოვა და ლოცვა შეშინებულისა? ნეტავ თუ დაჰღამებია მამას შეშაზე წასულს და თუ ჰლოდინებია სიკვდილი ცისპირისტეხამდე?! 5.5 რა ფერია სიკვდილი? თბილია თუ ცივი სახლში შემოპატიჟებული? სად მიდის სიკვდილი ? სად სძინავ სიკვდილს? 5.6 თავი რომ მოიკლას ალდიმ ვინ გამოაბძანებს სულის სამხსნელო დროშას კარატის ჯვრიდან? ვინ დაუკლავს ციკანს? ვინ დაულოცავს ოჯახს? 5.7 _ რა აბერებს ადამიანს? _ მარტოდყოფნა. 6. მუნჯი რომ ყოფილიყო ალდი მადლობას ვერ ეტყოდა გამჩენს, მაგრამ კი იფიქრებდა: სიკვდილისთვის გაგიზრდივარო. „სიკვდილო კარგი მთიბელი ხარ ზამთარ-ზაფხულ და დღე და ღამ სიცოცხლეს თიბავ რჩეულთასა“ - ასე იტირებდა სწორფელი ალდის. „ნეტავ სიკვდილსამც მისცა შვილიო, იმას სხვა სიკვდილ შამაჰყარაო, დედას და დასამც ახედვნიაო იქნებ მაისვენებდ გულიო, იქნებ წეს გამაიცვლებოდაო „ – ასე იტირებდა დედა ალდის. „ალდის ენაცვალება დაო, წვერთა - ჯიხვის რქათვით დაგრეხილთაო, მუხლთა - შორის გზის მოარულთაო, მხართა - ნაწყენთა, საგძლისათაო, თვალთა - დამწვართა წამლისათაო..“- ასე იტირებდა და ალდის. უნდა მოკვდეს ალდი, მიწას პირი აქვს გაღებული. უნდა დაიტანოს შავმა მიწამ. უნდა მოკვდეს ალდი. "სიკვდილო, თუკი ადვილი ხარ, ერთხელ შენ თვითონ რად არ მოკვდი, თოვლივით მზეზე რად არ დასდნი?" - თქვა და ახლა - როგორც წესია, ხმალი უნდა დაიჭიროს ხელში ალდიმ, ანთებული სანთლით წარიმძღვაროს გზა და მოკვდეს. მაგრამ ერთხელაც აღარ დაიშლება სულეთში ალდის უწონადი გვამი, გადავა სული გვამში მოკვდება ალდი და მოკვდება სოფელიც მასთან ერთად. ეპილოგი ახლა ღამეა. ალდის ლექსიც და სიზმრებიც აქ მთავრდება. ბევრი ვიფიქრე ბოლოზე, ჩემს ხელში იყო მისი სიკვდილიც და ცოცხლად დარჩენაც. მე გავიმარჯვე დღეს ამ ლექსით, მე გავიმარჯვე დღეს ალდით და ერთი ადამიანი გამოვგლიჯე სიკვდილს, რომელიც ახლა ჩემს კართან დგას და შიგნით შემოსვლას ცდილობს. ვერ მოვკალი ალდი, ვერ დავიდე კაცის და სოფლის ცოდო. მე ლექსმწერელს მაინც მჯერა რომ ზის ახლა, სადღაც სოფელში ალდი და ფიქრობს: საიდან მოდის სიკვდილი? ან სად მიდის ჩვენიდან წასული? მაგრამ შენ, ალდი - სად წახვალ ამ ლექსის მერე? რომელ ბილიკს აირჩევ? როგორ დაეხსნები ლექსს? როგორ დაეხსნები სიკვდილს?..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი