ურვა მწერალთა
/ნაწყვეტი პოემიდან/ გეძახით მწერალთ, გეძახით მწერელთ; ნეტავ რას ხაპავთ ამდენ მელანს, ან წამკითხველი რისთვის მოგდევთ სიტყვების კვალში. კაცმა იმდენი უნდა წეროს, არ გადაასწროს საკუთარ თავს, არც დაეწიოს და ეს მანძილი ზომოს გზიდან აკვნის კარბამდე. ცოტა დაწერეთ, ბევრს რასამ ყური დააყოლეთ, დაისწავლეთ ენა კაცისა და ცხოველისა, რადგან ერთნია მოუბარნი და არას მთქმელნი. მოუსმინეთ მდინარისა და მყვართა სიმღერას მემრ გაარჩიეთ კაცთა მიმართ მათი განწყობა. დააკვირდით ყვავილებს, გაარჩიეთ ფერები ერთმანეთისაგან, ყველა ფერს თავისი სახელი დაარქვით, აურიეთ ერთმანეთში, მერმე ააწყვეთ. და თქვით რატომაა ყველა(ფერი) გარდაუვალი, რა ბედენაა თუ სიბნელე ჩაგვყლაპავს ყველას. დააკვირდით ქვებს, მოუსმინეთ და გაარჩიეთ ერთმანეთისგან არა სიმძიმით, არა ფერით, არა ზედაპირით, არამედ იმით თუ რომელი გამოდგება სახლის საძირკვლად, რომელი კერპად რომელი საფლავისთვის რომელი კაცის კვლისთვის და დაიხსომეთ ქვის წამალი ისევე ქვაა. და დაიხსომეთ: თქვენი ჩურჩული ქვეყანას ამოაგდებს. ეს დაიძახა თარხნათ გაგამ და წარმოიდგინა ფერადი ქვების ყვავილობა მდინარის პირას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი