აღსარება
დროა შენი ნაღვაწიდან ყველა ცოდვა გადითვალო, გააღწიე სარტყელს მიწის და სივრცეში გადი, თვალო. თუ ცდუნებას გაურბიხარ, ყველა ტკივილს სულ იტანო, შენი ყოფით და ცხოვრებით გაამდიდრე სული, ტანო. დღიდან შენი გაჩენისა შენც ცოდვა გაქვს შენეული, ნუ იფიქრებ, რომ მარტო ხარ _ ხე მინდორზე შენ ეული, უმეცრებად მიმაჩნია ტკბობა დროით გარდასულის, არ დარჩება წლების მერე არაფერი, გარდა სულის. რაა კაცი თუ არ ჯაფა, ცოდვა-მადლი თუ არა აქვს, ნავსაყუდელს არ იმზადებს და ცად კიბე თუ არ ააქვს, შეუგრძვნია დროის კარგვით სულში სხივის დაარსება, რასაც ეტრფის აღმაფრენით თვით გონება და არსება. როცა სხეულს გავეცლები, ყველა წესი გარდაივლის, როცა სული გაშიშვლდება, მეგზურ ტანის გარდა ივლის, თუ იხილოს მან სამოთხე, შენი ხელით მონაშენი, მაშინ შეგთხოვ, შეიწყალე, დაიფარე მონა შენი, ღმერთო, ვნების გადაძლევის და სიმტკიცის მომე ძალა, რადგან დროა სინანულის, რადგან ცრემლი მომეძალა, განმარიდე შენი მადლით მე ცოდვილი ამო ვარდნას, თორემ გული დაფეთებულ ძგერით ცდილობს ამოვარდნას. ვერსად ვნახავ მზის სინათლეს და სიმშვიდეს შენ სადარებს, ვეტრფი დილის შეგებებას სიო-ქარით, შენსა დარებს. აღსრულებით ყველა წესის ტანი მიწას დაუფალი, ამ გზას ჰქვია, ლოცვით სავალს, ღმერთი ყოვლის და უფალი. შეარხიე, შეარხიე, სულის სიმთა გამატანო, გევედრები ლექსით მღერა საიქიოს გამატანო.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი