კაბარე
კვამლი დგას თუთუნის, ოთახი ჩუმია, ჭერიდან ობობა მიყურებს ლორნეტით, რადიო-ორკესტრმა ბგერების მუმია აპლოდისმენტებს გადასცა კონვერტით. ჯაზმენი ჯენლტმენი სცენაზე ავარდა, თითები სანთლებად დაადნო საქსაფონს, მაგიდის მწკრივებში შამპანი გავარდა და ხმა ჩაუწყვიტეს ხრიალით გრამაფონს. წყვილები ცეკვავენ, წყვილები ბევრია, ფოქსტროტი გარინდულ გარემოს აღვიძებს, შრიალა კაბებზე სურნელი შეცვლია მადმუაზელ ფერმკრთალებს _ კოცნაში ჩაღვრილებს. ლაყუჩებს ბერავენ ოქროს ტრომბონები, კონტრაბასს ტრიალით მუცელი გაუცვდა, ბოდლერს უკითხავენ ვაჟებს გოგონები, მაესტროს ტუჩებთან სიგარა აუცდა. კვამლი დგას თუთუნის, ოთახი ჩუმია, ჭერიდან ობობა მიყურებს ლორნეტით, რადიო-ორკესტრი, ბგერების მუმია აპლოდისმენტებო, გახსენით კონვერტი.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი