ყავა გავიყავით


ერთი ღერი სიგარეტის კვამლი
და მხურვალე გალიანოს ტანგო,
ერთი ქალი, სიყვარულით მთვრალი,
მითანხმდება, გული უნდა ვანდო.
ვიღაც გოგომ ვიღაც ბიჭის ხელზე
უხერხულად ააცურა ტანი,
მერე ჩუმად გაისტუმრა სხვენზე
და კოცნებით დაუნამა კანი.
როცა მწვადის მოიტანეს კერძი,
ყველა იყო უზომობით მთვრალი,
თამადასაც დაეკარგა ღერძი
და ბალიშად ეყო თეფშის ძვალი.
მერიქიფემ გაიღიმა ზანტად,
დავათვრეო, ვერ გამიძლო სმაში,
სიმღერისთვის აიზლაზნა ტლანქად,
მერე ბზარიც შეეპარა ხმაში.
ღონეს კრეფდა გალიანოს ტანგო,
წყვილებს ცეკვით დაუსველდათ თმები,
ზოგმა ღვინოს ამჯობინა მანგო,
ზოგმაც სუფრას _ აბასთუმნის მთები.
ხმაურისგან დაგვიარა რეტმა,
გავირიყეთ პოეზიის ნავით,
მე და ჩემმა მეგობარმა ერთმა
ერთი ჭიქა ყავა გავიყავით.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი