შეწირულთა რექვიემი
სიჩუმეში გაიჟღერებს ვალტორნების არია, აფეთქდება მყისვე მაჯა, ანთებული მაესტრო, რადგან დგომა ცის კიდეზე მე უფრო მიხარია, მოვიგონებ უცხო სიზმარს, ცას მიწისთვის გაესწრო. მიწა ბრუნვით გადაღლილი თითქოს შავი კუპრია, მთელი ტანი გადაიქცა აბრაამის სამსხვერპლოდ, მკლავი მახვილაღმართული თვით ანგელოზს უპყრია, მინდა, ჩემო აღმაფრენავ, შენი სუნთქვით დამსეტყვო, შეყოვნებით გაირინდა როიალის პროფილი და ნოტების ფერმკრთალ სახეს აეტმასნა მინორი, მე მიჭირავს ახლა გული _ ორად გადაყოფილი და ევგენი მიქელაძის შუბლნადენი მირონი. ხემი დადის სულთა სიმზე და იმხვერპლა ალეგრო, დახეული პარტიტურა, რექვიემის გრიგალი, ვისაც შესვლა ამ მუსიკის სამოთხეში არ ერგო, დაუამეთ ჭრილობები ცრემლნადენი ყვრიმალით. ახლა ვნატრობ ხილვას, უცხოს, ანგელოზთა კაპელას, როცა მართავს დირიჟორი ცეკვას არამიწიერს, ამ ნეტარი სიმფონიის საიდუმლოს გამხელას დავუმონებ ფიქრთა როკვას და სურვილებს ბიწიერს. შეწირული ტიტანები ცამ უბეში ჩაიწყო, ახლა გუნდის ჯერი დადგა, რექვიემი დაიწყო.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი