ანალათ
"...მაშინ შეკრბეს ყოველნი ამისა სამეფოსა დიდებულნი... შემოყვა- ნებად სიძისა თამარისათვის... ზრახვა ყვეს ძებნად წაღმართისა და მოყვანად ქრმისა, რომლისათვის ხამდა თუმცა ყოფილიყო ჟამი გმირ- თა და გოლიათთა ყოფისა, ანუ- მე გარეშეთ წოდებულთა ელინთა სისხლისა დათხევისა, ანუ მე გაჭ- რანი მიჯნურთა, ცოფ ქმნილთანი" ვითარ თამთა თუმიანისთვის, ვითარ ამირან ხორაშანისთვის, ვითარხ ხოსრო-შანშა ბანუისთვის, ვითარ მზეჭაბუკ მზისათვის ხაზართასა, ვითარ იაკობ რაქელისათვის, ვითარ იოსებ ასანეთისათვის, ვითარ დავით ბერსაბესთვის და აბისაკისთვის. ვითარ პელოპი მხნედმბრძოლი ჰიპოდამისთვის... ვითარ პლუტონ პერსეფონსათვის... ვითარ რამინ ვისიასთვის. ვითარ ფრიდონ შაჰრიონს - არნავაზისათვის, ვითარ შადბერ აინელიეთისათვის. "ი ს ტ ო რ ი ა ნ ი და ა ზ მ ა ნ ი" "... უგავს შატბიერს, გულად ლაყბიერს. ანალათისა რად დაშვრა ძევად?" ჩ ა ხ რ უ ხ ა ძ ე "... პომას, რომელიც დღეს დაკარგულია, რქმევია შადბეჰრ და აინოლჰეიატ - ბედნიერი და წყარო სიცოცხლისა". კ. კ ე კ ე ლ ი ძ ე "ისტორია სადბურსია და აინალა- თისა მიეკუთვნება ბაჰამანის, სპანდიატ რვალის ძის ხანას". პ. ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა ჩვემ ვართ გმირები ძველი რომანის, კაცთა ხსოვნაში დაკარგულ წიგნის, მიჯნურთა ცრემლის, გაჭრის და ძებნის, უხსოვარ დროში დაწერილ წიგნის. ჩვენი რომანიც დაიკარგა, ჩვენც დავიკარგეთ, გადარჩა მხოლოდ ორი სიტყვა: ანალათ.. შადბერ.. ჩვენ სიყვარული გვიწაღმრთა ძლიერმა ბედმა, მაგრამ დააზრო უდროობამ ჩვენი ყვავილი. ჩვენ გვიმღეროდა, ჩვენს სიყვარულს სწერდა ონსორი და კაცით, კაცზე, ქედით ქედზე, მთებიდან მთებზე გადადიოდა სიმღერებით ორი სახელი: ანალათ - წყარო სიცოცხლისა, თეთრი ქალწული, შადბერ - ჭაბუკი ბედნიერი, შმაგი მიჯნური! მაგრამ რომანიც დაიკარგა, ჩვენც დავიკარგეთ. და როცა ჩვენი სიყვარული იქცა ლეგენდად, ჩვენ შევემატეთ ულამაზეს მიჯნურთა წყვილებს, ჩვენთვის ამღერდა ჩახრუხაძის წყვილი სტრიქონი, ჩვენ გვახსენებდა აღზევების ჟამთა მწერალი... ჩვენ შევემატეთ ულამაზეს მიჯნურთა წყვილებს და სათვალავით მეთორმეტე წყვილად დაგვთვალეს. და როცა ქართლში დადგა ჟამი და იხსენებდნენ გაჭრიტ, წამებით, სიყვარულით ცოფქმნილთა წყვილებს, ჩვენც გავახსენდით, ჩვენი ქებაც შეჰკადრეს თამარს. * * *... მე დიდხანს ვდუმდი, ვიხსენებდი გარდასულ ამბავს. ვისთვის ვეწამე, ვისთვის მოვკვდი და დავიმარხე. დათხრილ თვალებით შევყურებდი ზეცას ღრუბლიანს და ვიხსენებდი სიყვარულის დაკარგულ ამბავს. მე გავაცოცხლე სიყვარულის ძველი ლეგენდა, ფარდა ავხადე უდაბნოებს, სადაც ვეწამეთ, სად გავიჭერი, სად ვიცრემლეთ, სად დავიმარხეთ, ამ ქვეყანაზე როგორ გავძლეტ უერთმანეთოდ. მეც სიყვარულის ჯვარზე ავედ, ვითარც ამირან, ვითარც მზეჭაბუკ, დადაგული ხაზართა მზისთვის, ვითარცა დავით, ვითარცა ფრიდონ, ვითარცა რამინ, ვითარც პელოპი მხნედმებრძოლი ჰიპოდამისთვის! ვიჯექ საბნელოს, თავს მეყარა უდაბნოს ქვიშა. ვეწამე დიდხანს და თვალებში, ჩემს დიდ თვალებში შევიდა სიბრძნის სილამაზე და მე დავმშვენდი, და მე ავმაღლდი და მე გავხდი შენი რჩეული. მე დავამარცხე შმაგ ბრძოლაში ჩემი მეტოქე, გავაკარ მიწას, დავადექი თავზე მახვილით, მოვკვეთე მკლავი და რაყიფით დასაშინებლად ჩემი ქოხის წინ ჩამოვკიდე მისი მარჯვენა. და მე გავმდიდრდი... გავხდი შენი გულის პატრონი, ის იყო მხოლოდ, თუ რამ ქვეყნად სიმდიდრე მსურდა, და არა მხოლოდ მოკვდავ კაცთა, არამედ ღმერთებს - ჩვენი გულების შეერთება ღმერთებს შეშურდათ. აღიძრენ შურით და ჩამიქრეს წყვილი ვარსკვლავი, შემომკრეს ლახტი, დამიდუნეს მძლავრი მუხლები. დამადეს მკერდზე ჩემი მძიმე მკლავების ჯვარი. და მე დავმიწდი, დავიმარხე და დავიძინე. დიდხანს მეძინა. დამივიწყა ღმერთმაც და კაცმაც. საუკუნოვან სიჩუმეში და მარად ძილში მე დავისვენე და ხელახლა ავივსე ღონით, ავივსე შენი სიყვარულით და გავიღვიძე. წამოვდექ ფეხზე, გადმოვლახე ყველა მდინარე, ყველა აღმართი ავივაკე შენი გულისთვის. ყველა აღმართი ავიარ და აველ ცაში, ავიცერ ზეცის სილამაზით და თეთრი სიბრძნით, ყველა დაღმართი ჩავიარე და ჩაველ ქვესკნელს, გავძეხი მიწის სიყვარულით და შავი სიბრძნით. ავივსე სიბრძნის სილამაზით და კვლავ დავმშვენდი, და კვლავ ავმაღლდი, რომ კვლავ გავხდე ბედის რჩეული. მე ვარ უხორცო. აღარ ვიცი სიკვდილის შიში. მე მისთვის მოვედ, რომ კვლავ მოვკდე, კვლავ დავიტანჯო, და სიყვარული, როგორც მკლავი ჩემი მეტოქის მაღალა მეჭიროს ვერაგ მტერთა დასაშინებლად! * * * ბნელ ღამეებში ამ დაკარგულ წიგნის მკითხველო, შენ? შენი გული რამ აავსო და რამ დასცალა? ვისთვის ეწამე, ვისთვის მოკვდი და ვისთვის იყავ, ან რისთვის იყავ, რისთვის მოკვდი, შენც თუ აღსდექი, სიკვდილის შემდეგ შენც თუ მოხვალ შურისძიებად? არვის ახსოვხარ, დაიკარგა შენი სახელი. შენც დაიკარგე, არ ხარ კაცი და აღარც თიხა, და არვის ახსოვს, მიწა იყავ, თუ კაცი იყავ. მაშ რად იცხოვრე, რად სუნთქავდი, რად დაიბადე, თუ არ გიყვარდა, თუ არ გწამდა, თუ არ ეწამე, არც გიცხოვრია, თუ არ გწამდა, თუ არ გიყვარდა, თუ არ ეწამე, თუვერ იტყვი: მწამდა, მიყვარდა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი