გაზაფხული მუხრანის ველზე
წუხელის თოვლი მოსულა, ქედები დაუთოვია, სერები დაუფიფქია, ბარისკენ გზა უპოვია. შავი ტყე შეუჭირხლია, უბრმავებია კვირტბი, თოვლში ოქროფრას ელავენ აყვავებული შინდები განა ნამდვილი თოვლია, ეს ხომ აპრილის თოვლია.... ეს ნასესხები თოვლია, ეს საგულგულე თოვლია. ქედზე გადმომდგარ გოგონას თავს დასტრიალეს ტოროლა. წეღან რომ წამოგვიფრინდა, ეს ის ტოროლა იქნება... შენც დაინახე თუ არა, გოგონა ხელს რომ გვიქნევდა? აგერ, გზის პირას ქალ-ვაჟი... ალბათ, მანქანას ელიან; ჭაბუკი ახატნელია, გოგონა ბიწმენდელია. გოგონა ბიწმენდელია... აგერ, ბიწმენდი... ბიწმენდი.. შენ იქ იჯექი, მის გვერდით, შენ მის სიმღერას ისმენდი. ის სიყვარული არ იყო? არა, ის იყო ზღაპარი. ნუ დაივიწყებ, გახსოვდეს ერთი დღის თავშესაფარი! თვალს მიეფარა ქალ-ვაჟი, თვალს მიეფარა ბიწმინდი. იყო და არა იყო რა... ვინ მიხვდეს შენ და მის მეტი?! * * * მზე იკბინება, ჩამოცხა, მიწის წვენს გზა უპოვია, სულ ნაკადულად ქცეულა, რაც წუხელ დაუთოვია. მართლაც, წამხდარა ზამთარი, სიმტკიცე აღარ ჰქონია, მართლაც, აპრილის თოვლია, მართლაც, გუგულის თოვლია! აგერ, იძახის გუგული, პურის გატეხის დრო არი, მუხრანის ველზე ლუჯდება ჯეჯილი დანათოვარი. * * * მოდი, შევჩერდეტ, არ გესმით, მუხრანის მიწა იძახის... აქ ხომ სისხლია დაღვრილი ქართველისა და ყივჩაღის. ერთმანეთს შებრძოლებია ფესვი ბნელი და ნათელი, ორი ყვავილი გაზრდილა: ყივჩაღისა და ქართველის. ერთს შუქი ადგა ცისფერი, ცაში აწვდილა კვამლივით, წამით ვჩერდებით, ქუდს ვიხდით მგზავრები მისწინ გავლილი. მეორე.... შავი ყვავილი - მიწისფერი და აშარი - მომხდუის სისხლზე გაზრდილი, მოხრილა ყორნის ფრთასავით. წიწმურიდან აბრმავებს შუქი ილიას ჭაღარის, შავ მიწას შავად ჩაჰყურებს ყვავილი ნაყივჩაღარი. ისევ მღერიან მუხრანზე: ღამე დღეს უთენებია, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია! 1952 წ. თბილისი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი