გაიმინდვრა
გულმა ისევ გაიმინდვრა, კუშტი მთები მე რად მინდა? სამუხრანოს აივნიდან ერთი გადამღერა მინდა. მე გაშლილი ველი მინდა, სამუხრანოს კალო წმინდა, დავდიოდე, ვიხარებდე, მზის და მთვარის ამოსვლითა. ამოქუხდეს, ამოდუღდეს, ბერმუხის ქევშ წყარო წვიმდეს, თან ისეთი ჯამი მქონდეს, უკვდავებას ამოსცლიდეს. ქვეშ დამეგოს მუხის ჩრდილი, ნაბდის თარგზე გამოჭრილი. მუხაზე ზის თეთრი მტრედი, თეთრია თუ მტრედისფერი, იმ შორეულ თეთრი ქედის, დათოვლილი მთების ფერი. მე გაშლილი ველი მინდა, ბერმუხის ქვეშ წყარო წმინდა, მხარზე მაჯდეს მე ის მტრედი, მეტს არაფერს ვინატრებდი. სამუხრანოს ტრიალ ველზე ვიდგე, როგორც დანახავსი, ხოდაბუნებს ჩრდილი სცემდეს, ჩემი იყოს, განა სხვისი. ველი, ველი ულეველი, სხვისი ფეხით გაუვლელი, სარეველა ურეველი თავთუხის და დოლის ველი, გვირილის და შროშნის ტევრი სხვისი თვალით დაუთვლელი. აი რატომ ვიმზირები სამუხრანოს აივნიდან, აი რატომ ატყდა გული, აი რატომ გაიმინდვრა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი