ზამთრის პირს ჩემი სოფელი


ზამთრის პირს მოვინახულე
ჩემი პატარა სოფელი,
ცეცხლით გამთბარი დარბაზი,
კერია ჩაუქრობელი...

ცეცხლსაც სიმღერა სცოდნია,
მოყმენო, ბანი უთხარით,
ზამთარიაო, გუგუნებს
აკვამლებული ბუხარი!

ეს ჩემი ბუხრის კვმლია,
ცისკენ რომ მიდის სვეტებად,
ხალისით ამღერებული
ტყვიისფერ ღრუბლებს ედება.

მთიდან ჩამოდის ზამთარი,
ჩამოთოვლილან ქედები,
ღრუბლებში შეცურებულან
ვით მარმარილოს სვეტები.

ტყეში ხმა ისმის ნაჯახის,
ეზოში მამლის ყივილი,
შიშველ ხეებზე შეფრინდნენ
ჩიტები ჟივილ-ხივილით.

იქნებ მათ ცელქი ბიჭების
გაიგეს გულის ნადები:
სკოლიდან დაბრუნებულებს
დაუდგამთ კაკანათები.

პატარა დღეა... ბინდდება,
იძინებს ჩემი სოფელი.
იძინებს ყველა, მხოლოდ ეს
მარადის გაუქრობელი -
გუზგუზებს ჩემი კერია,
მასაც ჩემსავით უხარის,
ზამთარიაო, გუგუნებს,
გუგუნებს ჩემი ბუხარი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი