თითქმის...მუხამბაზი


გაზაფხულდა...
გულს ისევ აუშენდა
სიყვარული, იმედები, დარდები,
ბაღში ვწევარ ათეთრებულ ნუშებთან,
გულს მაყრია იები და ვარდები...
ნუშებს იქით ფანჯარაში მტრედია,
ვამბობ:L "აჰა, ბურთი და მოედანი!
დღეს საგულეს გული ვერ დაეტია,
და ვღუღუნებ ჩემთვის ბერი ქედანი..
არ მომხედავს,
ის ვინ არის, მე ვინა?
მზეს შესცქერის,
ტკბილად მღერის მზევინარს,
განა შენმა სიყვარულმა, ლამაზო,
გაზაფხულმა ეს ლექსი მათქმევინა!
უცნობი ხარ, უცნობადვე დარჩები,
პოეტი ვარ, აშუღი და მეათრე,
შენ რა გინდა,
ოღონდ ატმის ფარჩებით,
ნუშის კაბით, მოდი, გამომედარე,
ვერ მიხვდები...
როს მოვიდა აპრილი,
სიყვარული მე ისეთი მომინდა,
ჭაბუკურ, ნაზი და თავდახრილი,
ამოსული ვაშლის ყვავილობიდან.
შენ კი რაო?
როცა აქეთ ჩაივლი,
არც მომხედავ ხისქვეშ მწოლიარესა,
მე რად მინდა შენი კარგი ღიმილი,
გულით მიცქერ, გულმა მომიალერსა...
აბა, შეხე, რა ღრუბელი მოცურავს,
მე კი ვდგავარ შენი ფანჯრის წინაშე,
ამ ნუშებთან ეს რამდენჯერ მოვსულვარ
ხან ჟუჟუნა, ხან შხაპუნა წვიმაში.
დე, იწვიმოს, მე ავსილი ოცნებით -
გულისცემით ჩამოვიგლეჯ საყელოს,
მე ვინა ვარ,
ალბათ, ნაღდი მგოსნებიც
გწერენ ლექსებს, ლამაზს და უსახელოს!
ჩქარა, თორემ, ჩემი გულის ხმაურზე
გაზაფხულდა, მოფრენილან მერცხლებიც,
განა რამდენ საუკუნეს გაუძლებს
სიყვარულის ეშხი და ნაპერწკლები?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი