კალოობა


კალოობაა, მინდვრებზე ყანა
აღარ შრიალებს, აღარ ბობოქრობს.
ურმეულებად დაუდგამთ ძნები,
ცხრათვალა მზეზე პრიალებს ოქრო.

ეფიცხებიან მზეს თავთავები,
მზეც, თავთავებიც არის ყვითელი,
ბერიკაცები კალოს უვლიან,
უქცევენ ნიჩბით და ორთითებით.

კევრზე ზის ბიჭი მოქნილი სახრით,
არ მოუხუჭავს თვალი წუხილის,
განთიადიდან მის ჯიღა ხარებს
ხალისით დააქვთ მძიმე უღელი.

კევრქვეშ იშლება მწიფე თავთავი,
სოფლის ბარაქას უცინის ყველა,
ისმის სიმღერა, ისმის ღიღინი -
ხან კალოური, ხან ოროველა!

ხოლო როდესაც მზე გადიხრება,
შემოუქროლებს ბზეს ზენაქარი,
რომ გააგონოს კალოს და საბძელს
ხალისიანი ხვავის ხარახრაი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი