მამა-პაპათა საფლავზე


გამარჯვებული მოვდივარ...
პაპებს ჩასძახეთ.
ძ მ ი ს წ ე რ ი ლ ი დ ა ნ

პაპებს ვახარეთ...
ყიჟინით სასაფლაოზე გავედით,
ჩავძახეთ,
ავახმიანეთ დადუმებული შავეთი
გაიგეთ, ბერიკაცებო,
მამულს სწვევია დიდება!
ვაშად მოვედით,
ბებერ ძვლებს
ელდის არ შეეშინდებათ!

ადექით, წამოიხედეთ,
ეს ვისი ლანდი დაგხარით?!
დაიჩოქეთ და მოხადეთ
მამაპაპური თაღარი.
ვაჟკაცი დაბრუნებულა,
თქვენი ფესვების ნაყარი,
ბრძოლები გამარჯვებული
და თქვენით ნაამაყარი,
თქვენ რომ წახვედით, მას შემდეგ
დაირწა მისი აკვანი.
მან არც სიცოცხლე იცოდა
და არც სიკვდილის ანბანი,
თქვენი ჭანგები მოირგო,
შინ ჯდომას ბრძოლა არჩია,
ის ჩვენი დიდი სამშობლოს
სინათლემ გადაარჩინა!
აჰა, ნაკურთხი მტევნები,
თქვენს ნაფუძარსი ნახარი,
თქვენი ნაქონი წაფურა,
ანკარა წინწანაქარი,
ადექით, წამოიხედეთ,
მნატვრელნო ჩვენი დანახვის,
მოწყურებულნი იქნებით,
დაილოცეთ და დანაყრდით!

თქვენთვის დავაწყეთ ტაბლაზე
ძველს ვაზიანში ნამცვრევი...
ვაჰ, თუ შეგერხართ, ბერებო,
გულ-მკერდზე ჩოხის მასრები!
ტაბლის გარეშემო ოცნებით
ჩვენს გვერდით ხომ არ დალაგდით,
მზის სხივით ხომ არ გაშუქდა
წინაპართ ძვალშესალაგი.

როს ჟამი დარეკს, ბერებო,
თქენს გვერდით, თქვენი მსგავსები,
თქვესავით ბაგემდუმრები,
გულხელდკრეფით დავწვებით...
ახლა კი
წამოიხედეთ,
მამულს სწვევია დიდება,
ვაშად მოვედით,
ბებერ ძვლებს
ელდის არ შეეშინდებათ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი