მარინა გრანატკინას


თოვლის ველზე შემეფეთე,
შენზე დამრჩა თვალი...

შევტორტმანდი შენი მჭვრეტი,
ვაჰ, თუ მომეჩვენა:
ჩრდილოეთის ნამქრის სვეტი
გულზე მომესვენა.

ნეტავ როდის დაგინახავ
რუსთაველზე გავლილს?

შენი ელვა მაოცედა,
ზაფრა მცემდა მეხის,
ყინულების კალოს ლეწდა
შენი ირმის ფეხი...
ფრიალებდა, თოვლში ქროდა
საფერავსი ქაფად,
ახალ ფიფქით ინამქროდა
შინდისფერი კაბა.
შენ თოვლში ხარ, აქ კი ახლა
ყოჩივარდა ვარდობს,
ნეტავ როდის დაგინახავს
ჩვენი სანავარდო?

ჩამოხვიდე, დაგინახონ
გადაიქცნენ ჭვრეტად,
რუსთაველზე გაიქროლო,
დიდვე ნამქრის სვეტად...

დაინახონ გიშრის თმებში
შენი შროშნის ყური,
ქაშუეთის ჩუქურთმები
აჩურჩულდნენ შურით.

ნუ იცინი... აგერ მკვლელად
თვალებს რატომ ხუჭავ?
ჩამოდი და მიწილადე
თოვლის ერთი ბღუჯა,
რუსთაველზე დაიბერტყე
შინდისფერი კაბა
და ფიფქებში აფრიალდი
საფერავის ქაფად...
მართალია, ვერ გაგიშლით
ყინულების კალოს,
რომ რუსულად თოვლის ბრელო
აქაც აბრიალო,
ირმის ფეხებს ვერ მოვქანცავთ
ყინულების მოვლით...

რუსთაველზე ზაფხულია,
მოგვენატრა თოვლი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი