მზის დაბნელება სართიჭალაში


ამგვარ დღესასწაულს, ამგვარ სეირობას
ჯერ სართიჭალაში არვინ შესწრებია.
მილეთის ხალხი შარაზე ირევა,
ბავშვნი ჩიტებივით ხეებს შესევიან.

მოსულიც, დამხვდურიც ველებზე გაშლილ,
დაძრულა თბილისი, ყველა აქ მოსულა,
მოდიან სამგორით,
ლილოდან,
ხაშმიდან,
ათასი მანქანა გუგუნით მოსცურავს.

მოსულან კოჯრიდან და ოქროყანიდან,
აგერ, გადმოლახეს გზა გარდაბნელებმა,
ეს რა ფუსფუსია, ეს რა ყაყანია,
არვინ შესწრებია ამგვარ დაბნელებას.

მზის სათვალეებით, გამურულ მინებით,
ლურჯი ჭოგრიტებით მნათობს შესცქერიან,
ზეცას შესცქერიან დიდი მოთმინებით
და მზის დაბნელბას ელიან, ელიან...

ცხელა, ძალზე ცხელა...
მზეს უკვირს თაკარას.
დღისით, სამზეოში თვალი უღამდება.
ხალხი გაინაბა, მოუკლო ლაპარკს,
უეცრად დაჰბერა სიომ წუხანდელმა.
უეცრად აგრილდა, ქვეყანა გაფითრდა,
ზეცა შეიბოლა ბინდისფერ ჭირხალთა,
და თითქმის დამფრთხალი უეცარ დაფითა,
ბოძზე გამობული ცხენი აჭიხვინდა.

ღობეზე ამაყად შემომჯდარ ყვინჩილას
ანაზდად წაუხდა დედლებთან ტრაბახი,
გუბე მიატოვეს იხვებმა გზის პირას,
ეზოსკენ გაიქცნენ ვახვახით.

ჰო, მართლა მზე უკვე თანდათან ჩაბნელდა,
ქვეყანაც მიყუჩდა მკვდარსავით,
და თითქოს ბინდბუნდში კვარის ასანთებად -
ზეცაზე გამოჩნდა ვარკვლავი.

და ამ წუთს სრულიად, სრულიად ანაზდად
მე თვით დავინახე, ღმერთმანი!
ჩემს გვერდით უცნობმა ქალ-ვაჟმა
ღიმილითკოცა ერთმანეთს.

შეჰფიცეს, ჰო, ვიცი, ჩურჩულით შეჰფიცეს!
ო, ხელს ნუ შევუშლით, შორით გავუცინოთ,
და რასაც ერთმანეთს უჩუმრად შეჰპირდნენ,
იმ ერთმა ვარსკვლავმა უსმინოს!

რომ მისჩერებიან, იმ ერთმა ვარსკვლავმა
აშუქოს ერთმანეთს შეზრდილნი,
მან ღამით ტრფიალი მრავალ წყვილს ასწავლა,
დღისით კი პირველად დალოცა ეს წყვილი!

თენდება...
ასტეხეს ვახვახი იხვებმა,
ერთი რამ არ ჰყოფნით სიცილად!
თურმე ამ ორ წუთში კიდეც დაიღამა,
კიდეც გაითენა ყივლით ყვინჩილამ!

თენდება, თენდება...
საოცარ კაშკაშით
მზე ისევ გამოჩნდა, მზე ისევ იცინის,
ჩემს გვერდით აღარ ჩანს უცნობი ქალ-ვაჟი,
ნეტავ სად, რომელ გზით წავიდნენ ისინი?...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი