ნატო ვაჩნაძე
... უხმოთა ხმითა შორი-შორ დაგირეკ კარსა გულისსა... ბ ე ს ი კ ი. ვერ მოვესწარი... შენს სიცოცხლეში ვერ ვუთხარ ლექსი შენს მზექალობას... მეც მწვავდა შენი თვალების ეშხი, მსურდა, ჩუმი ხმით მეც მეგალობა. იმ შენი უღვთო სიკვდილის მერე მე ეს სიმღერა ჩემს საიმედოდ - გულში უჩუმრად ამოვიმღერე, ახლა სათქმელად ვით გავიმეტო?... ვით გავიმეტო, ქალო შავბედო, ბევრის ოცნებავ, გულის მისამატო, როგორ ავმღერდე, როგორ გავბედო, დავწერო წიგნი უმისამართო! სულაც არ მინდა, ის მერგოს ბედად, შენს მოტრფიალედ ჩამთვალონ მეცა... ისიც მეყოფა, რომ შენთან ერთად მეც შევცქეროდი თბილისის ზეცას! ისიც მეყოფა, რომ არ ვიცოცხლე შენი თვალების დაუნახავად, შენს სილამაზეს დავუდექ მოწმედ, შენს რუსთაველზე ღიმილით გავლას... შავბედისაგან შეუბრალები შენ ვინ გაგწიროს დასავიწყებლად, თვითონ სიკვდილმა შენი თვალები ვერ გაიმეტა დასამიწებლად! ვერ გაიმეტა მიწის საჭმელად, შავ მიწას აღარ დაალპობინა, ჭექა-ქუხილით აქცია ფერფლად და საქართველოს ზეცას მოჰფინა. * * * შენზე ამბობენ: ის აღარ არა... მაგრამ სხვა ქალთა ვნახავთ ვარდობას, კვლავ ვაჩნაძიანთ მშვენების დარი გამოერევა ახალგაზრდობას. სხვა სილამაზე გაიფურჩქნება და რუსთაველზეც სულ სხვა გაივლის... რა ვქნათ, ასეა, ერთი თუ ჭკნება - კვლავ დაამშვენებს მეორე თბილისს! მას გამოჰყვება შენი მსგავსება, და მისი ტურფა ღიმილის მოწმეს - მშვენიერება აუდგამს ენას და გაიგრძელებს ლექსით სიცოცხლეს. დე, სილამაზე იყოს დღეგრძელი! სულ სხვა უმღერებს ახალ ენძელებს, შენ გაგიხსენებს ჩემი ლექსებით და მერე... ალბათ, მეც მადღეგრძელებს. მაგრამ, ვაი რომ მე ვერ ვუმღერებ, ვინც საქართველოს მოხიბლავს კვლავაც, იგი ღიმილით ყელს მოიღერებს სულ სხვა პოეტთა გულის საკლავად!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი