სიყვარული


მოვა, როგორც იანვარში
თოვლის ფიფქის ცვენა,
როგორც ნუში დაამშვენოს
კვირტის გამოჩენამ...
საიდან და სადაური
ცხრა მთას გადმოლახავს,
მხარს გაგკრავს და გაგაჟრჟოლებს,
სიზმარშიაც გნახავს,
ვერ მოითმენს, თუ არ გიხმო.
თუ არ დაგიძახა!

წამოგაგდებს, ცას გაგაკრავს,
როგორც ცისარტყელას,
შემოსძახებს, ზარს შემოჰკრავს,
ჩამოუვლის ყველას,
ვის სიმღერას მოანატრებს
და ვის სახრჩობელას;
ზოგს - წაქცეულს ააყენებს,
ზოგს - თვითონ სთხოვს შველას...

ის ელდაა, უეცარი,
ზარდამცემი ელდა,
სიყვარულის სიმღერაა
ცეცხლით დაუწველთა,
ვაი იმას, ვინც დაჰკარგა,
ვისაც დაუძველდა!
ის თვალია, ნატვრის თვალი,
გულთა ნატვრიანთა,
ვერ გაიგებ, თუ მოვიდა,
რაღად გატრიალდა?
რად გეტრფოდა, თუ გაგცვლიდა,
რად გადგამდა უღელს?
ვერვინ გეტყვის... გულით დაგაქვს,
ვეღარავის უმხელ,
სამი დღის წინ მოგეჩვენა
და გამქრალა წუხელ...

რა უნდოდა, რად მოვიდა,
რისთვის მოგეჩვენა,
რად მოვიდა როგორც თოვლი,
როგორც ფიფქის ცვენა?
შვიდმაისის დაქუხებამ
და შხაპუნა წვიმამ
დასიცხული დაგინახა -
ნამში ჩაგაწვინა.

გაიღვიძებ, მოიგონებ...
ვეღარ ნახავ სიზმარს,
ვერ გაიგებ რა შეგბოჭა,
ეშხმა დაგწვა ვისმა,
გაიელვებს და გაქრება,
ვერ მიასწრებს ვერსად,
თითქოს ფრთები შემოეკრას
ფანჯარაზე მერცხალს...

ოჰ, ელდაო, სიყვარულის
ზარდამცემო ელდავ,
შენ მარადი სიმღერა ხარ
ეშხით დაუწველთა.
ვაი იმას, ვისაც შენი
ცეცხლი დაუძველდა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი