ქართველ ქალებს ასახელებს


მოდით, ნახეთ მზიას კუთხე,
ოჯახი აქვს თურმე მასაც,
კუდრაჭა და ენაჭრელი
ყველაფერში დედას ბაძავს.

ესმის, ყველა დედას უქებს,
მისი ქება მოსწონს მზიას.
განა მარტო დედა შრომობს?
მზიაც დიასახლისია!

განა მარტო დედა შრომობს?
წეღან მზიამ დიდის ამბით -
სიფრთხილით და მორიდებით
ნავთქურაზე შედგა ქვაბი...

პაწაწაა, ჯერ ვერ ბედავს
ბაზრისაკენ წასვლას დილით,
მაგრამ მაინც მოახერხა:
მოუმზადა ძმას სადილი.

იცის მზიამ, რომ სულ მალე
გაიღება სახლის კარი,
და ძამიკო, ჩანთით ხელში,
მოფრინდება, როგორც ქარი.

მზიას ცერად გადახედავს,
თან ღიმილი ეპარება,
რად უწუნებს მასპინძლობას,
სუფრას რად არ ეკარება?

ჩვენს პატარა დიასახლისს
რომ ეწვიოთ, რა იქნება?
ქართველ ქალებს ასახელებს,
როცა დიდი გაიზრდება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი