ქართველი ველზე


ფეხი დავადგი ტანშიშველ მინდვრებს,
დენა დაიწყო ქართლის მიდამომ, -
მინდა ხალისი გულში ჩაიმტვრეს,
მინდა თველებმა მზე მომიტანოს.

ზენაქარს ხმები გადმოაქვს ისევ,
ვისმენ მხიარულ ძახილს და ყივილს, -
სისხლის ნამქერი დაიწყებს პრიალს,
მზე რომ ეცემა შორეულ ნისლებს...
წინ დანაცრული სერები ყრია
არსენას ლეგა ყაბალახივით...

მოგესალმები, ქართლის ტრამალო,
ტანმოშრიალე ქართლის ლატანო,
მინდა სურვილი გავათამამო
და მზეს სალამი გამოვატანო!
... სად მუხა იდგა ნაჭარმაგევი
და კარ-მიდამო ამილახვრები,
ველზე წამოხრილ ჩრდილის მაგიერ
ირხევა ქარხნის ამონახველი.
ჭარმაგო მხუავ!
ყრუვ და ჭიანო,
გულში გიქროდა თრთოლვა ჩანგურის, -
ახლა ნაჯახი ამტვრევს ჭიანურს,
და ქარს ამოაქვს ცა მოჟანგული...

ჯანღი ედება გრუჯულ მხარეს,
ცის დასავალი ირხევა ლურჯად -
ქარი და მტვერი...
კვამლი დამფრთხალი -
მიდამოს რუჯავს...
შორს აშუღივით
შაირობს მტკვარი,
მტკვარი: აშარი და მოშუღარი, -
მთვარევ,
მოგტეხეს სხივი: შაშარი -
დაროგორც თარი
მიარხევ უღრანს....

და მომაგონდა არსენას ლექსი!
და წნორებს სურდათ მტკვარზე ეტირათ,
მათ ყოველ დილით არსენა ბიჭის
ძახილი ესმით თრიალეთიდან!
... ახლა აქ ცაზე მთვარე ირხევა,
მთვარე მოხრილი ვერცხლის წარბივით,
შორით ხალხური ისმის სიმღერა,
და ამ სიმღერის არ ჩანს ნაპირი...

გაიშრიალებს არსენას ლექსი,
თითქოს ჭალებში შეირხა ძეწნა,
და ცეცხლაპირას კასპელი მწყემსი
ქართულ კილოზე ატირებ ლერწამს!

სადაც კიოდა ბიჭი არსენა,
და ატეხილი ჭალები ჩანდნენ,
დღეს ინდუსტრიამ "განძი ახსენა" -
ვერ უპოვნია იგი კუჭატნელს!...

ჩამავალ მთვარის შუქი დაეშვა,
ატორტმანებენ ჩრდილები ნაპრალს,
ბოლო მოეღო გლეხის კაეშანს,
თითქოს არსენას აუხდა ნატვრა:
- "ჩემი შვიდასი თუმანი
კასპში ერთ კლდის ქვეშა ძევსა,
ღარიბსა და არამქონეს
მიეცეს და მოხმარდესა!"
... ასე მივდივარ,
კვამლია ირგლივ,
თითქოს არსენა აჭენებს ულაყს,
თითქოს ხეობას დაეცა იგი,
სად წაქცეულნი ჩრდილნი გართხმულან...

ქვევით მტკვარი ხრავს ფრიალოს ასპიტს,
აქ კი, ქედებში მადნეულს თხრიან,
ცემენტის მხრებით წამოდგა კასპი,
მოვიდა ცეცხლი და ინდუსტრია!
მოაქვთ და მოაქვთ
მშრალი მადანი
ზეცაზე გაბმულ რკინის ბაგირით;
და ჩემი ლექსიც,
სიტყვაც მზად არი,
რომ ცეცხლი მისცეს ხუთწლედის გმირებს!
მიეცით მხარეს ქართლი ცემენტი,
შეტევის წლების ჯმუხა ბიჭებო,
რომ თვითეული მაჯის აწევამ
გულში ხალასი გამოგვიჭენოს...
- რომ მეც,
რომელიც ერთი ტოტი ვარ,
თქვენი ტყეების,
თქვენი უღრანის,
გამოვეგებო ცეცხლიან დარებს,
გადმოგირხიოთ სიტყვა მქუხარი,
- მეც თქვენი ყლორტი
თქვენთან მოვდივარ!
გასწით,
ამ ხალისს გადამატარეთ!

მიდით, ასტეხეთ ხმა სიხარულის,
მიდით, ასტეხეთ,
მიდით, იარეთ, -
ქართლის ველებზე გაფანტულ ხმაურს,
ქარი გადიტანს ნისლა თრიალეთს!...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი