შუადღე
რატომ დადუმდა ყოველი ირგვლივ, რად შეწყდა კაცთა მღერა-სიცილი? ტყის პირას მჯდარი პატარა ჩირგვიც თითქოს იძინებს მარადი ძილით. დილით ვედრებით ამართულ რტოებს ხეები დაბლა, მიწისკენ ხრიან, ერთად არიან და სიმარტოვეს ამ იდუმალ წუთს მაინც უფრთხიან... ასწლოვან ფესვზე მიცოცავს ხავსი, კვირტებს ედება ფინდი ყვითელი, რაღაც, სიკვდილის თუ ძილის მსგავსი, ამ დიად შუქში დგას დამშვიდებით. მხოლოდ ხის წვერზე მჯდარი ჭრიჭინა მოსთქვამს, არ აკრთობს დუმილი სხვისი, გაოგნებული ქცეულა ჟინად, წყარო კი.. წყარო იკავებს სიცილს! მზე, წამომდგარი მთებიდან დილით, ბარბაცით აღწევს სამზეო წერტილს, ვეღარ პოულობს თავის თავს ჩრდილი, გაურბის მიწას და საგნებს ერთვის... ეს წამით... უცებ ძახილი სირთა შეარხევს, დასძრავს ბუნების ენას. სამალავიდან იწყება ჩრდილთა გამოსვლა წყნარი და ქვეყნად ფრენა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი