მონატრებისთვის


თითქოს, საცაა კარს შემოაღებ
და ღიმილიან მზერას შეავლებ 
ყველას, 
ვინც დაგხვდა, 
ან ვინც გზაშია _ 
ვისაც უცნობი დრო შეალიე... 

სიტყვა ინახავს გულის სინათლეს
თვალები სიტყვით გაბრწყინდებიან
და კარსმომდგარი საღამოების 
მოლოდინები აღარ მწყინდება.

ისინი ჩემში სიტყვებს ართავენ
და უცნობ ზღვართან დაფრენს ფარტენა,
ნიშნად იმისა, რომ ეს სიცოცხლე  
გაყურსულია და ფარატინა.

აჰა, საცაა კარს შემოაღებ
და მკლავებს ისე გაშლი ჩელტებად, 
რომ ეს სამყარო წამით ისვენებს 
და შენს ცისხელა გულში ჩერდება...  

აქვე ხარ, მაგრამ, მაინც არა ხარ,
ჩემთან ხარ, მაინც ვრჩები უშენოდ,
შენი სიშორე დავიახლოვე, 
იქნებ ერთმანეთს რამე ვუშველოთ.
უნდა ჩავიკრა გულში ეს ნატვრა 
და ობოლივით უნდა ვიშვილო.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი